ლარის კურსთან დაკავშირებით მოქმედებს სხვადასხვა ფაქტორი, მაგრამ არის ფაქტორები, რომელთა შესახებ ინფორმაცია შეიძლება დღეს არ გვქონდეს , - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, დღევანდელი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა იყო ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო სავალუტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებთან დაკავშირებით, სადაც დაისვა სხვა კითხვები, მათ შორის, ლარის კურსთან დაკავშირებით.
კობა გვენეტაძის თქმით, მცურავი გაცვლითი კურსის შემთხვევაში აბსოლუტურად შეუძლებელია რაიმე პროგნოზის გაკეთება ლარის კურსთან დაკავშირებით.
”გარდა ამისა, როგორც მოგეხსენებათ, მოქმედებს სხვადასხვა ფაქტორი ლარის კურსთან დაკავშირებით, მაგრამ არის ფაქტორები, რომელთა შესახებ ინფორმაცია შეიძლება დღეს არ გვქონდეს. ყველაზე კარგი მაჩვენებელი და გზამკვლევი ამ შემთხვევაში არის საგადასახდელო ბალანსი, რომელიც კვარტალში ერთხელ გამოდის და როცა გვექნება დამატებითი ინფორმაცია, როცა შევხედავთ საგადასახდელო ბალანსს, იქედან უფრო გამოჩნდება. მაგრამ თუ დღევანდელ სიტუაციას შევხედავთ იმის ფონზე, რომ არის გაუმჯობესება საგარეო ფაქტორების მხრიდან, დიდი ალბათობით, შესაძლებელია, რომ მოლოდინებს ეთამაშა თავისი როლი, მაგრამ ისევ და ისევ ამის სრული ანალიზი შესაძლებელი იქნება გარკვეული პერიოდის მერე, როდესაც ჩვენს ხელთ იქნება გარკვეული ინფორმაცია", - განაცხადა გვენეტაძემ.
რაც შეეხება ინტერვენციებს, კობა გვენეტაძის განცხადებით, რა ინფორმაცია, რა სიტუაცია იქნება, რა ანალიზს ჩაატარებს სები და რას უჩვენებს მას ეს ანალიზი, ეროვნული ბანკი მიიღებს ზომებს.
"იმ შემთხვევაში, თუ ნომინალური გაცვლითი კურსი გარკვეული პერიოდის განმავლობაში იქნება გადახრილი წონასწორობის კურსისგან ისე, რომ ამან შეიძლება ინფლაციის ზრდას შეუქმნას რისკები, ეროვნული ბანკი მიიღებს ზომებს და ეს ზომები არის მონეტარეული პოლიტიკის გამკაცრება", - განაცხადა გვენეტაძემ.