ბრიტანეთში ბიტკოინსა და სხვა ციფრულ ვალუტებზე გარკვეული რეგულაციების დაწესებას აპირებენ, რომელიც ამ ვალუტებით მოვაჭრეებს ვინაობის გამხელას დაავალდებულებს.
ეს განზრახვა თანხვედრაშია ევროკავშირის ახალ წესებთან, რომლებიც ფულის გათეთრებას ეწინააღმდეგება და ამ კუთხით, ციფრულ ვალუტებსაც ეხება.
წელს ბიტკოინის ფასი 1 000 პროცენტით არის გაზრდილი და 12 000 დოლარს მიუახლოვდა. განსაკუთრებით მკვეთრი ზრდა ბოლო ერთ თვეში დაფიქსირდა, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ბიტკოინის ფიუჩერსებით ვაჭრობას მალე ისეთი გიგანტი ოპერატორები დაიწყებენ, როგორებიცაა CME (ჩიკაგო მერკანტილ ექსჩეინჯ - მსოფლიოს უდიდესი საფინანსო ბაზარი) და CBOE (ჩიკაგო ბორდ ოპშენს ექსჩეინჯ - ოპციონებით მოვაჭრე უდიდესი ამერიკული ბაზარი).
ბრიტანეთის ხაზინის ეკონომიკის მდივანი, სტივენ ბარკლი ამბობს, რომ ახალი რეგულაციები, ვირტუალური ვალუტებით მოვაჭრე პლატფორმებს შემნახველი ვირტუალური სალაროების მიმწოდებლებს, ფულის გათეთრების საწინააღმდეგო და ანტიტერორისტული რეგულაციების ფარგლებში მოაქცევს. ბარკლის თქმით, ახალი რეგულაციების შემოღების შემთხვევაში, ციფრულ ვალუტებზე მომუშავე კომპანიებს, კონტროლს ბრიტანეთის შესაბამისი სტრუქტურები გაუწევენ.
ბრიტანეთის მსგავსად, ციფრულ ვალუტებზე კონტროლს ავსტრალიაც გაამკაცრებს, სადაც ბიზნესის ამ სფეროს, მთავრობის ფინანსური საგამოძიებო სტრუქტურა გააკონტროლებს.
ამის პარალელურად, ამერიკის ფიუჩერსული ვაჭრობის კომისიამ, CME-ს და CBOE-ს ბიტკოინის ფიუჩერსებით ვაჭრობის უფლება მიანიჭა. მალე ამავე უფლებას ალბათ სხვა სავაჭრო ორგანიზაციებიც მიიღებენ.
ამავდროულად, კომისიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მოვაჭრეებს ბიტკოინებით ოპერაციების შესრულებისას, დიდი სიფრთხილე მართებთ, რადგან ამ ვალუტას მკვეთრი და ღრმა რყევები ახასიათებს.
კომისიის მიერ ამ გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ, ბიტკოინის ფასი ისტორიულ მაქსიმუმამდე - 11 773 დოლარამდე გაიზარდა.
მერაბ ლორთქიფანიძე