დოლარმა კვირა ზრდით დაიწყო

დოლარმა ახალი კვირა ზრდით დაიწყო, რაც იმ გარემოებამ განაპირობა, რომ შეერთებული შტატების სენატმა, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ შეთავაზებული საგადასახადო რეფორმის კანონპროექტი მოიწონა. პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ეს 1980-იანი წლების შემდეგ გადასახადების ყველაზე მკვეთრი შემცირება იქნება.

სენატის მიერ რეფორმის კანონპროექტის მოწონება იმას ნიშნავს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით დაიწყება მოლაპარაკება სენატსა და წარმომადგენლობით პალატას შორის. ამ უკანასკნელმა, უფრო ადრე, რეფორმის შესწორებული ვერსია მოიწონა. მოლაპარაკების მიზანი ისაა, რომ რეფორმის ორი ვერსია შეჯერდეს და საბოლოო სახით ჩამოყალიბდეს.

სენატის მიერ კანონპროექტის მოწონებას წინ უძღოდა თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მრჩევლის, მაიკლ ფლინის აღიარება იმის შესახებ, რომ გამოძიების ფედერალურ ბიუროს ცრუ ჩვენება მისცა რუსეთთან მისი შესაძლო კონტაქტების საკითხზე. საბოლოოდ, ფლინი გამოძიებასთან თანამშრომლობას დათანხმდა. პარასკევს ამას დოლარის შედარებითი დასუსტება მოჰყვა.

მაგრამ საგადასახადო რეფორმის საკითხთან დაკავშირებულმა პროგრესმა, ამერიკულ ვალუტას ზრდის ბიძგი მისცა. იენთან წყვილში, მისი ფასი 113.06 დოლარამდე გაიზარდა. საინტერესოა, რომ სავაჭრო სესია, დოლარ-იენის წყვილის დადებითი გეპით (ორისესიის ფასებს შორის წყვეტით) დაიწყო.

დოლარის ინდექსი 0.3 პროცენტით, 93.124-მდე გაიზარდა. გეპით დაიწყო ევროსა და დოლარის წყვილის ახალი სესიაც. დილისთვის მისი ფასი 1.1834-მდე შემცირდა, რის შემდეგაც ზრდა დაიწყო, თუმცა გეპი არ დაუხურავს და ამჟამად 1.1865-ის სიახლოვესაა. ახალი სავაჭრო კვირა კლებით დაიწყო დოლარისა და ბრიტანული სტერლინგის წყვილმაც, რომელიც ჯერ 1.3418-მდე შემცირდა, შემდეგ კი დანაკარგი აინაზღაურა და 1.3538-მდე გაიზარდა, რაც წლევანდელ მაქსიმუმთან ახლოსაა.