გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორაგნიზაციის (FAO) უახლესი ანგარიშის მიხედვით, ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში მნიშვნელოვანი პროგრესი აღინიშნება კვების უკმარისობის პრობლემის აღმოფხვრის კუთხით.
თუმცა, დაახლოებით 14,3 მილიონი ქალი და მამაკაცი რეგიონში კვლავაც ვერ ახერხებს საკმარისი საკვებით თვითუზრუნველყოფას. გარდა ამისა, არასწორი კვების პრობლემა სულ უფრო მზარდია. ამის შესახებ ინფორმაციას გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია ავრცელებს.
FAO-ს ანგარიშში - „კვებისა და სურსათის უსაფრთხოების მდგომარეობა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში 2017“ - განხილულია კვებისა და სურსათის უსაფრთხოების ინდიკატორები, რაც საშუალებას იძლევა შეფასდეს ქვეყნების პროგრესი „მდგრადი განვითარების მე-2 მიზნის“ მიღწევაში (აღნიშნული მიზანი გულისხმობს 2030 წლისათვის შიმშილის პრობლემის აღმოფხვრას, სურსათის უსაფრთხოებისა და კვების რაოდენობრივ-ხარისხობრივი გაუმჯობესების უზრუნველყოფას, მდგრადი სოფლის მეურნეობის ხელშეწყობას). შეფასების საგანია - კვებითი-ენერგეტიკული უზრუნველყოფის დონე, კვების რაოდენობრივი და ხარისხობრივი ინდიკატორები, როგორიცაა სიმაღლეში ზრდის ნაადრევი შეჩერება, ორგანიზმის გამოფიტვა, ანემია, ჭარბწონიანობა და სიმსუქნე, ასევე, კვებითი ჩვევების ცვლილების ეფექტი მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფისათვის.
ახლო წარსულში მიღწეული უდიდესი პროგრესის შემდეგ, სამიზნე რეგიონში კვების რაოდენობრივი და ხარისხობრივი გაუმჯობესების კუთხით სტაგნაციის ნიშნები იკვეთება. ჯანსაღი კვებისათვის მდგრადი სასურსათო სისტემების თემაზე გამართულ რეგიონულ სიმპოზიუმზე აღინიშნა, რომ უკანასკნელ წლებში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, კვების უკმარისობის დონე პრაქტიკულად არ შეცვლილა.
FAO-ს გენერალური და რეგიონული წარმომადგენელი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში - ვლადიმერ რახმანინი აცხადებს, რომ „სიღარიბე კვლავაც უმთავრესი შემაფერხებელი ფაქტორია სურსათის უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის, თუმცა ისიც ცხადია, თუ რა გზით უნდა წავიდეთ წინ. მდგრადი განვითარების მიზნები ქმნიან მყარ საფუძველს ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების წინაშე არსებული გამოწვევების გასამკლავებლად“.
რეგიონში სურსათის უსაფრთხოების არასაკმარისად უზრუნველყოფის მიზეზებისა და თავისებურებების უკეთ შეფასებისათვის, FAO-ს კვლევის ერთ-ერთ მეთოდად გამოყენებულია სოციოლოგიურ გამოკითხვებში დაფიქსირებული სურსათის უსაფრთხოების არარსებობის/ნაკლებობის შემთხვევების სტატისტიკური სკალირება. სკალირება, რომელიც საშუალებას იძლევა რაოდენობრივად შეფასდეს ინტერვიუების შედეგად დაფიქსირებული სუბიექტური აღქმები, მნიშვნელოვანი დამატებაა მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების ინდიკატორული ანალიზისათვის. კვლევის ახალი მეთოდოლოგია გვიჩვენებს, რომ სამიზნე რეგიონში, 2014-2016 წწ. განმავლობაში 14,3 მილიონი ზრდასრული ადამიანი მნიშვნელოვნად ზიანდებოდა სურსათის უსაფრთხოების ნაკლებობის ან არარსებობის გამო.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ მდგომარეობის სრულყოფილად შეფასებისათვის ძალზედ მნიშვნელოვანი იყო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მონაცემების გათვალისწინება. არასწორი კვების სამი ფორმისაგან (კვების უკმარისობა, ჭარბი კვება და საკვები მიკროელემენტების დეფიციტი) ერთი ან მეტი ფიქსირდება სამიზნე რეგიონის ყველა ქვეყანაში.
“ხშირია სამივე ფორმის თანაარსებობა, რასაც არასწორი კვების სამმაგ ტვირთს უწოდებენ. ქვეყნებისათვის სულაც არ არის უჩვეულო ბავშვებში კვების უკმარისობის და ჭარბწონიანობის ერთდროული გავრცელება. საკვები მიკროელემენტების დეფიციტი და ჭარბი კვება გადაიქცნენ კვებისა და სურსათის უსაფრთხოების ორ მთავარ პრობლემად რეგიონში“ - განაცხადა არიელა გრინმა, FAO-ს პოლიტიკის მიმართულების უფროსმა ოფიცერმა და ანგარიშის მთავარმა თანაავტორმა.
ჭარბი კვებაც პრობლემურია - ანგარიშის მიხედვით, ჭარბი კვება ზრდასრულ მოსახლეობაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა. სიმსუქნის დიაგნოზი დაისმება, როცა პიროვნების სხეულის მასის ინდექსი (BMI) გადააჭარბებს 30-ს. (BMI=m/h2. სადაც m – სხეულის წონა კილოგრამებში, ხოლო h – სიმაღლე მეტრებში).
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების გათვალისწინებით, ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2000-2004 წლებში სამიზნე ქვეყნებში სიმსუქნით დაავადებულთა რიცხვი 30% -ით გაიზარდა. სიმსუქნის გავრცელების ყველაზე მაღალი დონე დაფიქსირდა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, სადაც ზრდასრული მოსახლეობის 26.9 % სიმსუქნის სხვადასხვა სტადიაზე იმყოფება.
რეგიონში სიმსუქნის დონის ზრდა მჭიდროდ არის დაკავშირებული ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლებთან. შემოსავლების დონე დიდწილად განაპირობებს მაღალკალორიული საკვების მოხმარების სიხშირეს, ასევე მჯდომარე ცხოვრების წესის გავრცელებას.
“სიმსუქნე, როგორც არასწორი კვების ფორმა, შეიძლება იყოს კვებითი ჩვევების ცვლილების შედეგი, ასევე, დაბალი შემოსავლების შედეგი, რომელიც თავის მხრივ განაპირობებს დაბალფასიანი საკვების ხშირ მოხმარებას, ცხიმების, შაქრის და სხვა გადამუშავებული ნახშირწყლების მაღალი შემცველობით“,- განაცხადა არიელა გრინიმ.
არასწორი კვება რეგიონში სხვადასხვა ფორმით არის გავრცელებული. FAO-ს კვლევის მიხედვით, ფერტილური ასაკის ქალებში განსაკუთრებით მაღალია ანემიის გავრცელების რისკი, რაც საზოგოგადოებრივი ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი პრობლემაა.
საკვები პროდუქტების მოყვანის, ყიდვის, გადამუშავების და მომზადების პროცესში ძირითადად ქალები არიან ჩართულები, მაგრამ მაქსიმალური ეფექტის მიღწევისათვის აუცილებელია კვების რაოდენობრივი და ხარისხობრივი გაუმჯობესების ინიციატევების ფოკუსირება როგორც ქალებზე, ისე მამაკაცებზე.
FAO-ს წლევანდელი ანგარიში მოიცავს თემას: კლიმატის ცვლილების კონტექსტში მოწყვლადი და შეზღუდული ბუნებრივი რესურსების უკეთ მართვა, სურსათის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
რეგიონში სურსათზე მოთხოვნა იზრდება, მოხმარების სტრუქტურა იცვლება და ურბანიზაციის ტემპი მატულობს. იმავდროულად, სურსათის საწარმოო სისტემები ხშირად არამდგრადია და მოწყვლადია სხვადასხვა შოკების მიმართ. ასეთი შოკები შესაძლოა გამოიწვიონ ექტრემალურმა ატმოსფერულმა მოვლენებმა და სამომავლოდ განაპირობებდნენ მოსავლიანობის არასტაბილურ მაჩვენებლებს.
ასეთ პირობებში სურსათის უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის აუცილებელია სასოფლო-სამეურნეო წარმოების სტაბილური ზრდა, უფრო მეტი მდგრადობა, და ბუნებრივი რესურსების უფრო ეფექტიანი გამოყენება.
ზოგიერთი ევროპული და ცენტრალური აზიის ქვეყანა განსაკუთრებით დაუცველი და მოუმზადებელია კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საფრთხეების მიმართ. ბევრი მათგანისათვის ეს საფრთხეები და შესაბამისი ნეგატიური ეფექტები აგრო-ეკოსისტემაზე, უკვე შემდგარი რეალობაა. უკვე აღინიშნება დანაკარგების და დაზიანებების ზრდა მემცენარეობაში, მეცხოველეობაში, მეტყევეობაში და მეთევზეობაში.
სულ უფრო აქტუალური ხდება სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების შემცირების ამოცანა, რომლებიც ერთად მსოფლიო წარმოების მოცულობის 30%-ზე მეტს შეადგენენ. ღირებულებით ჯაჭვზე საკვების დანაკარგებისა და ნარჩენების შემცირების შედეგად მცირდება სათბური გაზების ემისია და ზეწოლა მყიფე ეკოსისტემაზე, იზრდება აგრო-სასურსათო სისტემების ეფექტიანობა, უმჯობესდება სურსათის უსაფრთხოება და კვების რაოდენობრივ-ხარისხობრივი პარამეტრები.
FAO-მ ასევე შეისწავლა, თუ როგორ ავითარებენ ძალისხმევას ცალკეული ქვეყნები მათ წინაშე მდგარი კვებისა და სურსათის უსაფრთხოების პრობლემების მოსაგვარებლად. კვლევამ დაადასტურა, რომ 2030 წლისათვის ათასწლეულის განვითარების მიზნების შესასრულებლად ბევრ ქვეყანაში გადაიდგა პირველი ნაბიჯები. თუმცა, მხოლოდ რამდენიმე მათგანში მოხდა სასურსათო პოლიტიკის საფუძვლების განსაზღვრა, რომელიც მოიცავს სურსათის უსაფრთხოების ოთხ მთავარ პრონციპს - საქონლის არსებობა (მიწოდება ბაზარზე), ხელმისაწვდომობა (მოსახლეობის მყიდველუნარიანობა), უტილიზაცია (უსაფრთხოება შინამეურნეობების მიერ შენახვის, მომზადების, გადამუშავების, მოხმარების დროს) და სტაბილურობა (საკვების მოპოვების სტაბილური შესაძლებლობა).
ზოგიერთ ქვეყანას კვლავაც არ გააჩნია სურსათის უსაფრთხოების ყოვლისმომცველი პოლიტიკა. ზოგჯერ პრევალირებს ფოკუსირება მხოლოდ სასურსათო თვითუზრუნველყოფაზე და უგულველყოფილია სურსათის უსაფრთხოების სხვა ძირითადი მიმართულებები.
ბევრი ქვეყანა რეგიონში აცნობიერებს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია კვებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება, სურსათის უსაფრთხოებისა და, ზოგადად, მოსახლების კეთილდღეობის უზრუნველყოფისათვის.
FAO-ს კვლევის მიხედვით სხვადასხვა ქვეყნებში კვების გაუმჯობესებისათვის განხორციელებული სხვადასხვა პროგრამები და ღონისძიებები მეტნაკლებად წარმატებულია. დამატებით საჭიროა კოორდინირებული ღონისძიებების განხორციელება, როგორიცაა - სოციალური, სოფლის განვითარების და სწორად კვების შესახებ ინფორმირებულობის გაზრდის პროგრამები.