ზამთარში გაზის ხარისხი წელსაც გაუარესდება და მოსახლეობას "გაზრდილი" გადასახადის დაფარვა მოუწევს.
როგორც სპეციალისტები ამბობენ, ბუნებრივი აირის ხარისხი ერთადერთი მიზეზია, რის გამოც მოსახლეობა ცივ დღეებში უფრო მეტს მოიხმარს და, შესაბამისად, ხარჯიც მატულობს. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, ასეთი პრობლემის წინაშე მოქალაქეები სწორედ შარშან ამ დროს აღმოჩნდნენ და გაზგამანაწილებელი კომპანიები მაქინაციებში დაადანაშაულეს კიდეც. ეჭვი, რომ საქართველოში შემოსულ ბუნებრივ აირს "სხვა ნივთიერებებს" ურევენ, ეჭვად დარჩა.
სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ანალოგიური პრობლემის წინაშე გაზის მომხმარებლები მიმდინარე სეზონზეც აღმოჩნდებიან. ამის მიზეზი, მათი თქმით, არც მეტი, არც ნაკლები, გაზის დაბალი კალორიულობაა, რის გამოც მისი თბოუნარიანობა ეცემა და საბოლოოდ ხარისხი მომხმარებლის დანახარჯზე აისახება.
კარგად გვახსოვს, რომ წინა წელს სოციალურ ქსელში მომხმარებლებმა ქვითრების ფოტოები გაავრცელეს. ისინი გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას იმის თაობაზე, რომ 2016 წლის დეკემბერში ბუნებრივი აირის დანახარჯმა საგრძნობლად მოიმატა.
სოციალურ ქსელში გამოთქმული მოსაზრებებით თუ ვიმსჯელებთ, დღესაც ბევრს მიაჩნია, რომ საქართველოში შემოსულ ბუნებრივ აირს ჰაერს ურევენ, რაც მრიცხველის უფრო სწრაფად დატრიალებას იწვევს და გადასახადიც ამიტომ იმატებს. თუმცა, როგორც სპეციალისტებმა "ბიზნეს-რეზონანსს" განუმარტეს, ეს მხოლოდ ვარაუდია და სინამდვილეში გადასახადი მოსახლეობას გაზის ხარისხის გამო გაეზარდა.
საწვავის ხარისხის ექსპერტი, კომპანია "აირბალონის" წარმომადგენელი ნოდარ რამიშვილი ამბობს, რომ ანალოგიური პრობლემის წინაშე მომხმარებლები მიმდინარე ზამთრის თვეებშიც აღმოჩნდებიან. მას შემდეგ კი, რაც ქვეყანას ტრანზიტული გაზის მიღების საშუალება არ ექნება, ხარისხთან დაკავშირებული პრობლემა მასშტაბური გახდება.
"მოსახლეობაში გავრცელებულია ხმები, თითქოს გაზგამანაწილებელი კომპანიები ბუნებრივ აირს ზოგჯერ ჰაერს ან სხვა გაზს ურევენ, რათა გაზარდონ მოხმარებული გაზის მოცულობა და კალორიულობა შეამცირონ. რატომღაც ჰგონიათ, რომ ამით მეტი გაზი დაიწვება და ნაკლები ენერგია გამოიყოფა, საბოლოოდ კი მეტის გადახდა მოუწევთ, მაგრამ ეს ყველაფერი ტექნიკურად შეუძლებელია.
მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ გამორიცხულია, ჰაერს უშვებდნენ გაზში, რადგან ეს ძალიან სარისკოა და შეიძლება აფეთქების მიზეზიც გახდეს, რაზეც არც ერთი კომპანია არ წავა. 5-დან 15%-მდე გაზის ჰაერში შერევა თვითაალებას იწვევს, თვითმკვლელობის ტოლფასია და გამორიცხულია, ამ რისკზე ვინმე წავიდეს", - ამბობს რამიშვილი და დასძენს, რომ ზამთარში გაზის ხარისხის პრობლემა ხშირადაა და მისი შემჩნევა გაზის წვის პროცესზე უბრალო დაკვირვებითაც არის შესაძლებელი.
"როგორც წესი, ბუნებრივი აირი მიწის წიაღიდან მოიპოვება და სხვადასხვა წნევით ნაწილდება მილების საშუალებით. ზამთარში, ტემპერატურის დაცემასთან ერთად, ჭაბურღილიდან უფრო დაბალკალორიული აირი ამოდის. წესით, 1 კუბ/მ გაზზე 7600 კილოკალორიაა მიღებული. კალორიულობას განსაზღვრავს 4 ძირითადი ნივთიერების შემადგენლობა: მეთანი, ეთანი, პროპანი და ბუტანი. გარდა ამისა, იგი 13-მდე სხვადასხვა ნივთიერებას შეიცავს, მაგრამ გაზის ხარისხი იზომება მეთანის შემადგენლობით, რომელიც მისი ძირითადი კომპონენტია. მეთანის წილი 70-75%-მდეა. წესით, ხარისხიანი გაზი მოლურჯო-მოიისფროა, მაგრამ ზოგჯერ მოწითალო ელფერი დაჰკრავს, რაც ნიშნავს, რომ მისი თბოუნარიანობა (კილოკალორიულობა) ეცემა, ამიტომ იხარჯება მეტი.
სითბოს ეფექტის მისაღებად მომხმარებელს სულ უფრო მეტი გაზი სჭირდება, შესაბამისად, გადასახადიც მეტი მისდით. ეს ბუნებრივი პროცესია, გაზს ზამთარში არ აქვს ის ეფექტი, რაც სხვა პერიოდში. ეს პროცესი წინა წლებში ნაკლებად შესამჩნევი იყო, რადგან მოხმარება არ იყო დიდი. როგორც კი მოხმარებამ იმატა (გამრიცხველიანების პროცესიდან გამომდინარე), პრობლემამ უფრო იჩინა თავი. კიდევ ერთხელ ვამბობ. გამორიცხულია, ვინმე ჰაერს უშვებდეს მილებში, ასეთ რისკზე წასვლა თვითმკვლელობის ტოლფასია", - განმარტა "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას ნოდარ რამიშვილმა.
გარდა ამისა, როგორც ექსპერტი აღნიშნავს, განსხვავებული და გაზრდილი გადასახადი შეიძლება იყოს მრიცხველის გაფუჭების ან სხვა ადგილობრივი ხარვეზის გამო, რაც მომხმარებლებმა აუცილებლად უნდა გამოარკვიონ.
"საჭიროა, რომ ყოველი კონკრეტული შემთხვევა სპეციალისტებმა შეამოწმონ და დარწმუნდნენ, რამდენად გამართულად მუშაობს მათი მრიცხველი ან გაზის გაყვანილობაში ხომ არ არის რაიმე დაზიანება.
დაბალკალორიულობა ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის, მაგრამ მომავალ წლებში ეს პრობლემა გაცილებით მასშტაბური იქნება, რადგან არ გვექნება რუსეთიდან სატრანზიტო გაზის მიღების საშუალება. აქამდე მას ნატურით ვიღებდით, მაგრამ სამომავლოდ ფულადი სახით აგვინაზღაურდება. ამდენად, მხოლოდ აზერბაიჯანულ აირზე ვიქნებით დამოკიდებული, რაც დაბალხარისხიანია და მისი კალორიულობა განსაკუთრებით ზამთარში იქნება არადამაკმაყოფილებელი", - დასძენს რამიშვილი.
გაზის დაბალკალორიულობის პრობლემა კარგად ნაცნობია საწვავის ხარისხის ექსპერტ დიმიტრი შენგელიასთვის. მისი თქმით, ბუნებრივი აირის ხარისხის შეცვლა, თეორიულად, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, მაგრამ ტექნიკურად დიდ სირთულეს უკავშირდება.
"გაზს ჰაერს რომ უმატებენ, კალორიულობა მცირდება. ეს ვიცით, მაგრამ რამდენად ხდება ასეთი ფაქტი, ძნელი სათქმელია, თუკი კონკრეტული კვლევა არ ჩატარდება და ხარისხს არ შეამოწმებენ. ბუნებრივი აირის ხარისხის შეცვლა არ არის შეუძლებელი, თეორიულად, დასაშვებია, მაგრამ ამ პროცედურის ჩატარების ტექნიკური საშუალება ჩვენს ქვეყანაში, სავარაუდოდ, არ არსებობს.
საქართველოში იმპორტირებულ გაზს აკონტროლებს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, სხვა ორგანიზაციების მხრიდან მასშტაბური შემოწმება არ მომხდარა. არადა, ძალიან მარტივადაა გადასამოწმებელი, უნდა გადაანგარიშდეს ნახშირწყალბადების რაოდენობა და კალორიულობასთან შეაჯამონ.
არც ის არის გამორიცხული, რომ ქვითრებზე ასახული შედარებით მეტი გადასახადი გაზის დაბალკალორიულობას უკავშირდებოდეს, რაც შეიძლება ცივი ამინდების დროს ბუნებრივი აირის მოხმარების ზრდას გამოეწვია. რეალურად, შეიძლება ასე იყოს, მაგრამ ესეც უნდა დადასტურდეს, რომ კითხვის ნიშნები მოიხსნას", - ამბობს შენგელია.
მარი ჩიტაია
გაზეთი "რეზონანსი"