რა დაგიჯდებათ დასვენება საქართველოს ზამთრის კურორტებზე

საქართველოს ზამთრის კურორტებზე ახალი სეზონისთვის ემზადებიან.

ტურ-ოპერატორების ცნობით, ყველაზე პოპულარული კურორტები გუდაური და ბაკურიანია, თუმცა ბოლო დროს მესტიაში წამსვლელების მსურველიც ბევრია. კომპანიების თქმით, სასტუმროებისა და კოტეჯების დაჯავშნა უკვე დაწყებულია.

bpnროგორც კომპანია „ვიპ ლაინ თრეველის“ ტურიზმის და მარკეტინგის მენეჯერმა, ნანა როსტობაიამ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, ზამთარში ქართველები ძირითადად უპირატესობას ბაკურიანს, გუდაურსა და სვანეთს ანიჭებენ.

„ყველაზე მოთხოვნადი გუდაურია და ერთდღიანი ტურის ფასი აქ 20 ლარიდან იწყება და მოთხოვნების შესაბამისად მისი ფასი იზრდება. ბაკურიანში კი ფასები 25 ლარიდან იწყება. მესტიაზე მოთხოვნა ნაკლებია, იქ უფრო ექსტრემის მოყვარულები მიდიან. ქართველები ძირითადად ერთ და ორდღიან ტურებს ითხოვენ. თუმცა რამდენიმე დღის შემთხვევაში უფრო საოჯახო სასტუმროებს ირჩევენ.

რაც შეეხება ფასებს, წელს გუდაურში სასტუმროების ფასები 50 ლარიდან იწყება, შარშან მაგალითად 35 ლარი იყო. 6 კაციანი კოტეჯების ფასები უკვე 200 ლარამდე ღირს. დეკემბერში კიდევ უფრო გაძვირდება“ - აღნიშნა როსტობაიამ.

bpnNIMATOURS-ის დირექტორის, მარიამ ზაუტაშვილის თქმით, ზამთარში ყველაზე პოპულარული კურორტებია - გუდაური, ბაკურიანი, თეთნულდი, გოდერძიანი.

„იმის გამო რომ თეთნულდი და გოდერძიანი ძვირი ჯდება, უპირატესობას ბაკურიანსა და გუდაურს ანიჭებენ. აქ შესაძლებელია 1-3 დღიანი ტურებიც გაკეთდეს, ამიტომაც უფრო მეტი სარგებლობს. როგორც წესი ახალგაზრდები უფრო მეტად უპირატესობას კოტეჯებს ანიჭებენ, საშუალო ასაკის ხალხს კი კარგი სასტუმრო და კომფორტი იზიდავს. ერთდღიანი ტურები 15-20 ლარიდან იწყება. 5 დღიანი ტურები 180 ლარი ჯდება, რაშიც სასტუმრო, ორჯერადი კვება და ტრანსპორტირება შედის", - განაცხადა ზაუტაშვილმა.

როგორც „ლაზიკა თრეველის“ წარმომადგენელმა, ქეთი პავლიაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, ქართველები ძირითადად კოტეჯებს ითხოვენ, ხოლო უცხოელები სასტუმროებს.

„ძირითადი მოთხოვნა გუდაურსა და ბაკურიანზეა, ფასები დამოკიდებულია თუ რამდენი ხნით და რამდენი ადამიანი მიდის. ჯავშნები დაწყებულია და გრძელდება", - განაცხადა პავლიაშვილმა.

bpnრაც შეეხება სასტუმროებისა და კოტეჯების ფასებს, ბაკურიანში შეგიძლიათ ნახოთ როგორც სასტუმროები ასევე ბინები, კოტეჯები და საოჯახო ტიპის სასტუმროები. შესაბამისად ფასებიც განსხვავებულია. სასტუმროების ფასები 50 ლარიდან იწყება და 400 ლარამდეც ადის. საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები კი 20 ლარიდან იწყება და 150 ლარამდეა. რაც შეეხება კოტეჯებს, მისი ფასი 130-დან 800 ლარამდე მერყეობს, რაც დამოკიდებულია ზომასა და კომფორტზე.

გუდაურის ფასები ბაკურიანისგან განსხვავდება. სასტუმროების ფასები 80 ლარიდან 300 ლარამდე მერყეობს. საოჯახო სასტუმროების ფასები კი 65-დან იწყება. კოტეჯის ფასები კი 150 ლარიდან 500 ლარამდე მერყეობს.

სვანეთი შედარებით ახალი კურორტია და მოთხოვნაც ნაკლებია, თუმცა თავისი მომხმარებელი მაინც ჰყავს. სასტუმროების ფასები 60 ლარიდან 200 ლარამდე მერყეობს. საოჯახო სასტუმროებში დასვენებას კი 20-150 ლარად შეძლებთ.

ლიკა ამირაშვილი 

bpn