Lamborghini-მ მსოფლიოს ყველაზე სწრაფი SUV წარმოადგინა (+ვიდეო)

იტალიური სპორტული ავტომობილების მწარმოებელმა კომპანიამ Lamborghini-მ საკუთარ სამოდელო გამაში პირველი ქროსოვერი წარმოადგინა და მას Urus უწოდა.

როგორც ავტომწარმოებელი აღნიშნავს, ეს არის მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ქროსოვერი, რომელსაც აქვს 650 ცხენის ძალა და მაქსიმალური სიჩქარე 300კმ/სთ-ს აჭარბებს. ავტმობილი 100კმ/სთ სიჩქარეს 3,6 წამში ავითარებს.

Urus-ი იტალიური კომპანიის ტრანსფორმაციაში დიდ როლს ითამაშებს. როგორც ცნობილია, აქამდე კომპანია მხოლოდ სპორტულ ავტომობილებს აწარმოებდა, ამ მოდელით კი კომპანიაში მათი გაყიდვების რაოდენობის ზრდას პროგნოზირებენ. უფრო მეტიც, სახელდება კონკრეტული ციფრი - 7000 ერთეული და კომპანია ამდენი Urus-ის გაყიდვას უკვე ავტომობილის წარმოების სრულ წელს, 2019-ში გეგმავს.

ავტომობილი პოზიციონირებას მოახდენს ულტრა-ლუქს სეგმენტში, სადაც მის კონკურენტებად მოიაზრებიან Bentley Bentayga და კომპანია Rolls-Royce-ის დაგეგმილი ქროსოვერი „ქულინანი“, რომელიც დამუშავების ბოლო სტადიაზეა. Urus-ის გაყიდვები 2018 წლიდან დაიწყება და ის 200 ათასი დოლარი ეღირება.

კოკა კვირკველია