გიორგი ჭირაქაძე - თუ გვინდა, რომ ლარი მყარი იყოს, მნიშვნელოვანია რომ სასამართლო სისტემა იყოს რეფორმირებული

სასამართლოს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის, რომ ქვეყნის ეკონომიკა წინ წავიდეს, რადგან ინვესტორები სერიოზულად უყურებენ თუ როგორ წყდება დავები ქვეყანაში , - ამის შესახებ "საქართველოს ბიზნესასოციაციის" პრეზიდენტმა გიორგი ჭირაქაძემ სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" განაცხადა, სადაც "საქართველოს ბიზნესასოციაციის" წევრები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანსა და წევრებს ხვდებიან.

"ჩვენ მოხარულები ვართ დღეს რომ ვხვდებით იუსტიციის საბჭოს მდივანს. ჩვენ მრავალჯერ დაგვიფიქსირებია ბიზნესის უკმაყოფილება ბევრ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც სასამართლო სისტემას ეხება. დღეს ჩვენ იმედი გაგვიჩნდა, რომ შესაძლებელია ის პრობლემები, რაც მრავალი წლის განმავლობაში არსებობს, გავუზიაროთ საბჭოს მდივანს. ავუხსნათ როგორ ვხედავთ ამ პრობლემებს, რატომ ვხედავთ ამ პრობლემებს და შევძლოთ სწორი მექანიზმი ვიპოვოთ, რომ ეს კომუნიკაცია არსებობდეს. როგორც კი რეალური და სისტემური პრობლემები დგება, ჩვენ ამის შესახებ ინფორმაცია მივაწოდოთ. მოხარული ვართ, რომ ჩვენ ვხედავთ წინგადადგმულ ნაბიჯებს, რომელიც სისტემაში არის რეფორმებთან დაკავშირებით. ასეთი სახის კომუნიკაცია და თანამშრომლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ბიზნესში მრავალი პრობლემაა დაგროვილი, რომელიც ეხება კომერციულ დავებს, ეხება ისეთ დავებს, რომლებიც წლების განმავლობაში არის გაჭიანურებული", - განაცხადა ჭირაქაძემ.

მისივე თქმით, გაჭიანურება ძალიან დიდი პრობლემაა ბიზნესისთვის.

"ჩვენ ძალიან ხშირად გვესმის, რომ მოსამართლეებს ძალიან ბევრი საქმე აქვთ, მაგრამ ეს პირდაპირ აისახება ქვეყნის ეკინომიკის ზრდაზე. ჩვენ რომ ლარის კურსზე ვსაუბრობთ, ლარის კურსიც მნიშვნელოვნად არის გადაჯაჭვული სასამართლოს სწორ გადაწყვეტილებებზე, სისწრაფეზე. ბევრი იკითხავს თუ რატომ? იმიტომ, რომ საერთაშორისო ინვესტორი თუ არ არის დარწმუნებული, რომ საქართველოში სამართალს იპოვის, ის გააჭიანურებს ან დაფიქრდება ინვესტიცების ჩადებაზე ქვეყანაში. ჩვენ თუ გვინდა, რომ ლარი მყარი იყოს, მნიშვნელოვანია რომ სასამართლო სისტემა იყოს რეფორმირებული. ჩვენ ბიზნესასოციაციამ მაქსიმალურად გვინდა ვითანამშრომლოთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან, ავუხსნათ ის პრობლემები, რაც ჩვენ გვაქვს. ჩვენ ვხედავთ უკვე, რომ საბჭოს სურვილი აქვს, რომ ეს რეფორმები გატარდეს", - განაცხადა ჭირაქაძემ.

მისივე თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოში კომერციული დავების ვიწრო სპეციალიზაციის საბჭოს შექმნა, ნებისმიერი ნაბიჯის გადადგმა, რომელიც უზრუნველყოფს კომერციული დავების გამარტივებას, მისასალმებელია.

"დღეს ჩვენ ვერ შევაფასებთ მის საქმიანობას, რადგან ახალი შექმნილია. ჩვენ ზოგიერთ წევრს აქვს კონკრეტული მოსაზრებები, ზოგიერთს კრიტიკული მოსაზრებიც. ნებისმიერი გადადგმული ნაბიჯი, რომელიც გაამარტივებს, სწრაფად გადაწყვეტს დავას ან უზრუნველყოფს იმას, რომ კომპეტენტურად გადაწყდეს საქმეები, არის ძალიან მნიშვნელივანი იმისთვის, რომ ეკონიმიკა განვითარდეს. ჩვენ რომ ვსაუბრობთ ეკონომიკის ზრდაზე, ყველამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ სასამართლოს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის, რომ ქვეყნის ეკონომიკა წინ წავიდეს იმიტომ, რომ ინვესტორები ძალიან სერიოზულად უყურებენ თუ როგორ წყდება დავები ქვეყანაში", - განაცხადა ჭირაქაძემ.