ამერიკულმა გამოცემა Time-მა დღეს წლის ადამიანის პრეტენდენტთა მოკლე სია გამოაქვეყნა. როგორც ცნობილია, გამოცემა Person of the Year-ს ყოველწლიურად ასახელებს.
მიმდინარე წელს ამ პრესტიჟული წოდებისთვის 10 კანდიდატი იბრძვის, მათ შორის არიან შარშანდელი გამარჯვებული - ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ასევე ჩრდილოეთ კორეის პრეზიდენტი კიმ იონგ უნი, რომელსაც დონალდ ტრამპი „რაკეტის ბიჭუნას“ ეძახის, კიდევ ერთი, ტრამპთან დაკავშირებული პირი ჩამონათვალში გახლავთ რობერტ მიულერი, რომელიც ამერიკის პრეზიდენტის წინასაარჩევნო კამპანიაში რუსეთის კვალზე საუბრობდა. ათი პრეტენდენტიდან ორი ორგანიზაციაა და არა კონკრეტული პირი: მოძრაობა #MeToo, რომელიც ქალთა მიმართ სექსუალურ შევიწროებას მოჰყვა და Dreamers-ები, რომლებიც გახლავთ ამერიკაში არალეგალურად ჩასული არასრულწლოვანი ემიგრანტების უფლებათადამცველები.
გამოცემამ მოკლე ჩამონათვალში ასევ შეიყვანა საუდის არაბეთის მონარქი, პრინცი მოჰამედ ბინ სალმანი, რომელიც ცდილობს საკუთარი ქვეყნის მოდერნიზებას. ჩამონათვალშია ასევე ჩინეთის პრეზიდენტი სი ძიანპინი და კომპანია „ამაზონის“ დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი, როგორც მსოფლიოს გავლენიანი პირები. ათეულს ავსებენ სპორტსმენები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები, კოლინ კიპერნიკი და პატი ჯენკინსი.
როგორც ცნობილია, ჟურნალი Time წლის ადამიანს 1927 წლიდან ყოველწლიურად ასახელებს და მათ შორის ფაქტობრივად ამერიკის ყველა პრეზიდენტი მოხვდა. წლის ადამიანთა შორის ასევე იყვნენ ადოლფ ჰიტლერი, აიათოლა ჰომეინი, მაჰათმა განდი, რომის პაპი ფრანცისკი, ამავდროულად სხვადასხვა მოძრაობები და ჯგუფები მათ შორის „ებოლას ვირუსის წინააღმდეგ მებრძოლები“ და სხვა.
წლევანდელ „წლის ადამიანს“ გამოცემა ოთხშაბათს დაასახელებს.
კოკა კვირკველია