2018 წლის ბიუჯეტის პროექტის ბოლო, მესამე ვერსიაში, მთავრობაში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებები უკვე ასახულია და სამინისტროთა ბიუჯეტი ამ ცვლილებების შესაბამისად არის განსაზღვრული.
ცნობისთვის, ცვლილებების შესაბამისად, 18 სამინისტროს 14-მდე შემცირება მოხდება. ბიუჯეტის მეორე და მესამე ვერსიების შედარების შედეგად აღმოჩნდა, რომ 2018 წელს სამინისტროებისთვის გამოყოფილი თანხა დაახლოებით 92 მილიონ ლარამდეა შემცირებული. კერძოდ, თუ 2018 წლის ბიუჯეტის მეორე ვერსიის თანახმად, 18 სამინისტროზე დაახლოებით 9.296 მილიარდი ლარი იყო გათვალისწინებული, მესამე ვერსიაში ეს თანხა 14 სამინისტროსთვის 9.204 მილიარდ ლარს შეადგენს.
ბიუჯეტის მესამე წარდგენის თანახმად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროდან გადმოტანილია ახალგაზრდობის პოლიტიკის დაგეგმვასა და შესაბამის პროგრამებზე გათვალისწინებული 4.4 მილიონი ლარი და მთლიანად უწყების დაფინანსება 1.186 მილიარდი ლარი იქნება.
ცვლილებების შედეგად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უერთდება ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის მიმართულება. ჯამში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის - 229.6 მილიონი ლარია განსაზღვრული.
პროექტის წინა ვარიანტთან შედარებით, 100 მილიონი ლარით არის გაზრდილი თავდაცვის სამინისტროსთვის გათვალისწინებული დაფინანსება და 802 მილიონ ლარს შეადგენს. როგორც ბიუჯეტის მესამე ვერსიაშია აღნიშნული, ეს თანხა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის შენარჩუნებასა და გაძლიერებას მოხმარდება.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გამოყოფილია 1.815 მილიარდი ლარი, რაც 557 მილიონი ლარით აღემატება 2017 წლის დამტკიცებულ მაჩვენებელს. ამასთან, საქართველოს პარლამენტში წარდგენილია 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში ცვლილების პროექტი, რომლის მიხედვითაც სამინისტროს 2018 წელს დასაფინანსებელი ღონისძიებებისთვის დამატებით 25 მილიონი ლარი გამოეყოფა.
ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება წინა ვერსიასთან შედარებით არ შეცვლილა და კვლავ 3 მილიარდ 528 მილიონ ლარს შეადგენს. აღნიშნული თანხის ფარგლებში სოციალური დაცვისა და საპენსიო უზრუნველყოფისათვის - 2.468 მილიარდი ლარი, ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებისთვის კი - 983.4 მილიონ ლარამდეა გათვალისწინებული.
მთავრობის ცვლილებების გათვალისწინებით ბიუჯეტში განსაზღვრულია საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტრო, რომლისთვისაც 274.8 მილიონი ლარია გამოყოფილი.
35.4 მილიონი ლარით არის შემცირებული შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გათვალისწინებული დაფინანსება და ბიუჯეტის პროექტის მესამე ვერსიის მიხედვით 569.6 მილიონი ლარს შეადგენს. დაფინანსების შემცირება სამინისტროდან საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტის გამოყოფამ გამოიწვია. ცნობისთვის, ბიუჯეტის პროექტის წინა ვარიანტის მიხედვით რეზერვების დეპარტამენტისთვის ბიუჯეტის წინა ვერსიაში 0,3 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული.
2018 წლის ბიუჯეტის მესამე ვერსიის მიხედვით, 5 მილიონი ლარით არის გაზრდილი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დაფინანსება და 150 მილიონი ლარით არის განზაღვრული. როგორც პროექტის ბოლო ვერსიაშია ნათქვამი, დამატებითი თანხები სასჯელაღსრულების დაწესებულებების სარეაბილიტაციო სამუშაოების დასაფინანსებლად გამოიყენება.
საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 120.9 მილიონი ლარი. უწყების დაფინანსება ბიუჯეტის პროექტის მეორე წარდგენასთან შედარებით 3 მილიონ ლარამდეა გაზრდილი, რაც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის სამინისტროსთან შერწყმით არის გამოწვეული.
მთავრობაში მიმდინარე სტრუქტურული ცვლილებების გათვალისწინებით სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის მიმართულება კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შეუერთდა. შედეგად ჩამოყალიბდა კულტურისა და სპორტის სამინისტრო, რომლისთვისაც 2018 წლის ბიუჯეტის მესამე წარდგინების თანახმად - 285.3 მილიონი ლარია გათვალისწინებული.
მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის წინა ვერსიასთან შედარებით, 1 მილიონი ლარით არის გაზრდილი იუსტიციის სამინისტროს დაფინანსება და ბიუჯეტის პროექტის ბოლო ვერსიაში 63 მილიონი ლარის ოდენობით არის განსაზღვრული.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების სამინისტროსთვის 96.2 მილიონი ლარია გამოყოფილი, მაშინ როცა ბიუჯეტის პროექტის წინა ვერსიის მიხედვით 96 მილიონ ლარამდე იყო გათვალისწინებული.
ფინანსთა სამინისტროს დაფინანსება 82.3 მილიონ ლარს შეადგენს, აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტის პროექტის წინა წარდგინებასთან შედარებით არ შეცვლილა.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ასიგნებები პროექტის წინა ვერსიასთან შედარებით გაზრდილია 350 ათასი ლარით და 1,6 მილიონ ლარს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ მთავრობაში მიმდინარე ცვლილებების შესაბამისად ჩამოყალიბდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, რომლის დაფინანსება 82 მილიონ ლარს შეადგენს. მაშინ როცა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დაფინანსება პროექტის წინა ვარიანტის მიხედვით 78,1 მილიონ ლარს შეადგენდა.
ამასთან, იგეგმებოდა საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შეერთება. აღნიშნული გაერთიანებული სამსახურისთვის 2018 წლის ბიუჯეტის მესამე ვერსიის მიხედვით 137.5 მილიონი ლარია გათვალისწინებული. თუმცა, გუშინ, 4 დეკემბერს გახდა ცნობილი, რომ აღნიშნული საკანონმდებლო წინადადება მთავრობამ პარლამენტიდან უკან გაიწვია. ცნობისთვის, 2018 წლის ბიუჯეტის წინა ვერსიის მიხედვით, ცალკე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის 123 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული.
თაია არდოტელი