ბათუმში ტურისტული გამოფენა EXPO-BATUMI 2014 გაიხსნა

ბათუმში, ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-7 საერთაშორისო გამოფენა EXPO-BATUMI 2014 გაიხსნა.

გამოფენაში უკრაინის, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, ირანის, ჩინეთის, პოლონეთის, გერმანიის და საქართველოს ტურიზმის სფეროში დასაქმებული კომპანიები მონაწილეობენ.

გამოფენაში 200-მდე კომპანია მონაწილეობს და ოთხი დღის განმავლობაში მათ საშუალება ექნებათ, მოიძიონ პოტენციური პარტნიორები.

ღონისძიების ორგანიზატორია შპს GEONET EXPO, ხოლო თანაორგანიზატორები აჭარის მთავრობა, ბათუმის მერია, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი და ბათუმის ტურისტული სააგენტო.

გამოფენა დამთვალიერებლებისთვის უფასოა და 4 მაისამდე გაგრძელდება.

როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ განმარტა, აჭარა წელს უკრაინასა და თურქეთიდან განაკუთრებით დიდი რაოდენობის ტურისტებს ელოდება. მისივე განმარტებით, შესაძლოა, ტურისტული სეზონი მაისში გაიხსნას.