აშშ-ის საგადასახადო რეფორმა დოლარის გამყარებას იწვევს

დოლარმა ძირითადი ექვსი ვალუტის კალათასთან მიმართებით ზრდა სამშაბათსაც გააგრძელა და ამის მთავარი მიზეზი, აშშ-ის საგადასახადო რეფორმისთვის მსვლელობის მიცემაა.

ეს გარემოება ამერიკულ ვალუტაზე მოთხოვნას ზრდის, თუმცა ზრდა მაინც უმნიშვნელოა, რადგან ბაზარი უკვე ფედრეზერვის მორიგი სხდომის მოლოდინშია.

დოლარის ინდექსი 0.18 პროცენტით გაიზარდა და 93.22-ს მიაღწია. ამერიკულ ვალუტას ყველაზე მკვეთრი ზრდა ბრიტანულ სტერლინგთან წყვილში ჰქონდა, სადაც 0.71 პროცენტით გაიზარდა და ახლა ერთი სტერლინგი 1.3385 დოლარი ღირს. ამის მიზეზი ისაა, რომ ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის, ბრექსიტთან დაკავშირებული მოლაპარაკება შეთანხმებით ვერ დასრულდა. ამან გაერთიანებული სამეფოს ვალუტის პოზიციები დაასუსტა. დოლარის ინდექსის ზრდაში, სწორედ სტერლინგს მიუძღვის ყველაზე მეტი წვლილი.

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ კორპორაციებისთვის გადასახადების შემცირება, რასაც რეფორმა ითვალისწინებს, შეერთებული შტატების ეკონომიკის სტიმულირებას გამოიწვევს. ინვესტორები ასევე თვლიან, რომ ეკონომიკის განვითარების კვალობაზე, ფედრეზერვი დოლარზე განაკვეთის აწევის პროცესს გააგრძელებს. უფრო მეტიც, ის უფრო ინტენსიურიც კი შეიძლება გახდეს.

რესპუბლიკელები აპირებენ, რომ თეთრ სახლში რეფორმის საბოლოო ვარიანტი შობის დღესასწაულამდე შეიტანონ. დოკუმენტის საბოლოო ვარიანტის შემუშავებაზე, ამჟამად თეთრი სახლი და სენატი ერთობლივად მუშაობენ.

იენთან წყვილში, დოლარის ზრდამ 0.18 პროცენტი შეადგინა და ამჟამად ერთი დოლარი 112.61 იენი ღირს. შედარებით მცირე ზრდა იყო ევროსთან წყვილში. აქ ამერიკული ვალუტის წონამ 0.13 პროცენტით მოიმატა და ამჟამად ერთი ევროს ფასი 1.1850 დოლარის ფარგლებშია.

ამერიკულმა დოლარმა პოზიციები დათმო თავის ავსტრალიურ სეხნიასთან. ოზის ფასმა 0.59 პროცენტით მოიმატა და 0.7642 დოლარს მიაღწია. ამის მიზეზი, ავსტრალიაში საცალო გაყიდვების ზრდა გახდა. ავსტრალიურმა დოლარმა პრაქტიკულად რეაგირების გარეშე დატოვა ქვეყნის სარეზერვო ბანკის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ოზიზე საპროცენტო განაკვეთი უცვლელად, 1.5 პროცენტის დონეზე დატოვა.