თბილისის მერიამ უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით, ბოლო 5 დღეში, გაფრთხილება 100-ზე მეტ ობიექტს მისცა, 50-ზე მეტ ობიექტზე კი ჯარიმები გამოიწერა

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სამშენებლო უსაფრთხოების ნორმების დაცვა უმკაცრესად გაკონტროლდება.

ამის შესახებ კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კალაძის თქმით, ბოლო 5 დღის განმავლობაში ზედამხედველობის სამსახურმა 100-ზე მეტ ობიექტს მისცა სიტყვიერი გაფრთხილება, ხოლო 50-ზე მეტ ობიექტზე საქმისწარმოება და ჯარიმების გამოწერა დაიწყო.

კახა კალაძემ ზედამხედველობის სამსახურის უფროსს გიორგი ბაგრატიონს აღნიშნული საკითხის პირად კონტროლზე აყვანა დაავალა, რათა უმკაცრესად გაკონტროლდეს დედაქალაქში არსებული ყველა მშენებარე ობიექტი და თითოეული მშენებლობის მიმდინარეობისას დაცული იყოს საქართველოს მთავრობის N 361-ე და N 477-ე დადგენილებები.

მისივე თქმით, ყველა ის დეველოპერი, რომელიც არ უზრუნველყოფს დადგენილი წესების დაცვას, კანონის წინაშე სათანადოდ და სამართლიანად აგებს პასუხს და თუ ზედამხედველობის სამსახურის მითითებები არ იქნება გათვალისწინებული, საქალაქო სამსახური გამოსცემს მშენებლობის შეჩერების დადგენილებას, რისი უფლებამოსილებაც მას კანონის ძალით აქვს მინიჭებული.

"მშენებლობის ნებართვის გაცემის დროს არქიტექტურის სამსახურმაც მკაცრად უნდა გააკონტროლოს პროექტის შესაბამისობა შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების წესებთან და მათ შორის ყურადღება უნდა მიექცეს პროექტის ფასადის ნაწილს, როგორიც არის გარე კედლებისა და გადახურვის ერთიან სტანდარტში მოქცევა,"- განაცადა კალაძემ.