მიმდინარე წლის ნოემბერში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა 95,4 ათასი ტონა შეადგინა, რაც ოქტომბრის თვის მაჩვენებელთან შედარებით 1,7 ათასი ტონით ნაკლებია. ამის შესახებ ინფორმაციას, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.
მათივე ცნობით, 2017 წლის იანვარ-ნოემბერში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა 979,1 ათასი ტონა შეადგინა , რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 78,2 ათასი ტონით ანუ 7.4%-ით ნაკლებია.
მათ შორის, 2017 წლის ნოემბერში ბენზინის საწვავის იმპორტმა 47,5 ათასი ტონა (კლება წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით 3,2 ათასი ტონით), ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 47,9 ათასი ტონა (მატება წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით 1,5 ათასი ტონით) შეადგინა.
საწვავის კატეგორიების მიხედვით, 2017 წლის ნოემბერში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი - 33,2 ათასი ტონა ანუ 69,9%; A-95 პრემიუმი მარკის ბენზინი - 12,9 ათასი ტონა ანუ 27,2%, A-98 სუპერი მარკის ბენზინი - 1,4 ათასი ტონა ანუ 2,9%. დიზელის საწვავის იმპორტმა კი კატეგორიების მიხედვით შეადგინა: დიზელი გოგირდის შემცველობით არა უმეტეს 0,05 მას. % – 47,9 ათასი ტონა ანუ 100%.
ქვეყნების მიხედვით 2017 წლის ნოემბერში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 30,4 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 31,9%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუმინეთი - 25,1 ათასი ტონა (26,3%), აზერბაიჯანი - 21,0 ათასი ტონა (22%), ბულგარეთი - 6,5 ათასი ტონა (6,8%), საბერძნეთი - 6,4 ათასი ტონა (6,7%), თურქმენეთი - 6,0 ათასი ტონა (6,3%) .
რაც შეეხება სხვა ნავთობპროდუქტებს, მიმდინარე წლის ნოემბერში საქართველოში იმპორტირებულ იქნა 7,7 ათასი ტონა სანავთობო ბიტუმი, რაც 5,3 ათასი ტონით ნაკლებია ოქტომბრის მაჩვენებელთან შედარებით. 2017 წლის იანვარ-ნოემბერში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 98,8 ათასი ტონა, რაც 2,4 ათასი ტონით ანუ 2,5%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.
მიმდინარე წლის ნოემბერში საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა 1,8 ათასი ტონა შეადგინა, რაც 0,1 ათასი ტონით მეტია ოქტომბრის თვის მაჩვენებელთან შედარებით. 2017 წლის იანვარ-ნოემბერში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 16,5 ათასი ტონა, რაც 1,3 ათასი ტონით ანუ 7,3%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.
2017 წლის ნოემბერში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 5,8 ათასი ტონა, რაც 6,5 ათასი ტონით ნაკლებია წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით. 2017 წლის იანვარ-ნოემბერში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 83,9 ათასი ტონა, რაც 16,9 ათასი ტონით ანუ 25,2%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.
2017 წლის ნოემბერში საქართველოში გათხევადებული აირების პროპან-ბუტანის ნაერთის (LPG) იმპორტმა შეადგინა 0,7 ათასი ტონა, რაც 1 ათასი ტონით ნაკლებია ოქტომბრის თვის მაჩვენებელთან შედარებით. 2017 წლის იანვარ-ნოემბერში LPG-ის იმპორტმა შეადგინა 13,7 ათასი ტონა, რაც 1,7 ათასი ტონით ანუ 14,2%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.