18 წლის წინ, უკვე დიდობაში ასრულებული ბავშვობის ოცნება - ასე იწყებს თავის საქმიანობაზე საუბარს ნატა ბუაჩიძე, რომლის სტუდიაშიც ხელოვნებასა და უცხო ენას ასობით ადამიანი სწავლობს.
„ნატა ბუაჩიძის სტუდია“, სადაც ყველა საგანი ინტერაქტიული მეთოდითა და შემოქმედებითი მიდგომით ისწავლება, ხელოვნებისა და უცხო ენების სტუდიაა, 4-დან 17 წლამდე ბავშვებისთვის, მათი მშობლებისთვისა და ასევე სტუდენტებისთვის. თუმცა, უფრო დეტალურად, სტუდიის ისტორიაზე, გეგმებზე „ბიზნესპრესნიუსი“ მის დამფუძნებელს, ნატა ბუაჩიძეს ესაუბრა.
„სტუდიის ისტორია 18 წლის წინ დაიწყო. ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, რომ სწავლა სახალისო ყოფილიყო და მგონი ოცნება მეც ავისრულე და ბავშვებსაც ავუსრულე. ჩვენ ვარსებობთ მხოლოდ იმიტომ, რომ ვიყოთ სტანდარტული, მოსაწყენი სწავლების ალტერნატივა. თავიდან მეგობრებისა და ახლობლების შვილებით დავიწყეთ და შეიძლება ითქვას, ამ ექსპერიმენტმა საინტერესო შედეგი გამოიღო. რის შემდეგაც, სტუდიის სახით, სასწავლო ცენტრი დავაფუძნეთ, რომელსაც დღეს ბევრი საგანი და მიმართულება აქვს,“ - აღნიშნავს ნატა ბუაჩიძე.
რას გულისხმობს არასტანდარტული სწავლება?
პირველ რიგში, ეს არის ინტერაქტიული მეთოდი, შემოქმედებითი და ინდივიდუალური მიდგომითა და აუცილებლად მხიარული. ჩვენი მასწავლებლები ყველაფერს აკეთებენ მოსწავლეების მოტივაციის ასამაღლებლად, რადგან თუ ბავშვმა თავი კომფორტულად არ იგრძნო, უბრალოდ ვერ ისწავლის. ჩვენთან არც შეცდომის დაშვებაა პრობლემა და ბავშვებს სწავლის პროცესის არ ეშინიათ. სწავლის პროცესი აუცილებლად ხალისიანად, ლაღად და თავისუფლად მიმდინარეობს.
რამდენი მასწავლებელი გყავთ და რამდენად რთულია შესაბამისი კადრის მოძებნა?
ამ ეტაპზე 20 მასწავლებელი გვყავს, რომელიც 300-ზე მეტ მოსწავლეს ასწავლის. მასწავლებელი უნდა იყოს პროფესიონალი, წარმატებული თავის საქმეში, ბავშვების მიმართ სწორი მიდგომა უნდა ჰქონდეს და რა თქმა უნდა, ძალიან უყვარდეს ისინი.მასწავლებლებს ძალიან ფრთხილად ვარჩევთ და მხოლოდ დიდი შერჩევის შემდეგ ხვდება ადამიანი ჩვენს სტუდიაში. აღსანიშნავია, რომ ჩვენივე სტუდიის კურსდამთავრებული არის დღეს ამ სტუდიის მასწავლებელი. რაც შეეხება კადრების მოძიებას, ეს ყველაზე საპასუხისმგებლო საქმეა. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ პერიოდულად ვატარებთ სხვადასხვა ტრენინგებს ჩვენი პედაგოგებისთვის.რამდენი საგანი ისწავლება სტუდიაში?
ყველაფერი ხელოვნებითა და ხატვით დაიწყო. თვითონ მხატვარი ვარ, ამიტომ ლოგიკურიც იყო, რომ სწორედ ხელოვნებით დაგვეწყო. ამ 18 წლის განმავლობაში ბევრი სხვა საგანიც დაემატა: ძერწვა, დიზაინი, წიგნის ილუსტრაცია, ფოტოგრაფია, ჰიპ-ჰოპი, მხიარული მათემატიკა, ხელოვნების საგნები, რომლებიც ისწავლება ინგლისურად, ასევე გვაქვს სწავლის უნარის განვითარების ჯგუფები, სადაც ფსიქოლოგი მუშაობს და ა.შ. მუდმივად ვამატებთ რაღაც ახალს და მათ შორის საგნების ჩამონათვალიც ყოველთვის იცვლება.რამდენად მარტივი იყო 18 წლის წინ ამ არასტანდარტული, უცხო და ახალი სწავლების მეთოდით მომხმარებლის მოზიდვა?
როგორც უკვე აღვნიშნე, თავიდან მეგობრების,ახლობლების შვილებით დავიწყეთ და ვფიქრობ, ეს ძალიან სწორი გადაწყვეტილება იყო. ამიტომ, ამ მიმართულებით პრობლემები ნამდვილად არ გვქონია.რა ვითარებაა განათლების სფეროში ქვეყანაში და რა პრობლემებს ხედავთ?
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ჩამოყალიბებული განათლების სისტემა ორიენტირებული იყოს ცუდ და საშუალო მოსწავლეებზეც. რადგან კარგი მოსწავლეები ისედაც კარგად სწავლობენ. თუ სკოლამ, საგანმანათლებლო ცენტრმა ნაკლები აკადემიური მოსწრების ბავშვების დაინტერესება მოახერხა, ე.ი. მიზანი გარკვეულწილად მიღწეულია. ამასთან, მთელი ქვეყნის პრობლემაა პროფესიონალი კადრების სიმცირე, რაც არ მოგვარდება თუ განათლების სისტემა არ მოწესრიგდება.„ნატა ბუაჩიძის სტუდია“ თიბისი ბანკისა და ჯეოსელის ერთობლივი პროექტის „ბიზნესდაჯილდოება 2017“-ის ერთ-ერთი ფინალისტია.. რას ელით და რატომ გადაწყვიტეთ პროექტში მონაწილეობა
სტუდიის მოსწავლეებს ნიშნებს არ ვუწერთ, ამიტომაც არ გვიყვარს შეჯიბრებები, რომლებმაც შეიძლება დაძაბონ ბავშვები და თვითშეფასება დაუწიონ. ამ მიზეზით სტუდია თვითონ არ აწყობს კონკურსებს. თუმცა, წელს შეიძლება ითქვას სპორტულმა აზარტმა გვძლია და ბიზნესდაჯილდოებაში მონაწილეობაც გადავწყვიტეთ. როდესაც ჩვენს საქმეს დიდი სიყვარულით ვაკეთებთ, გვაინტერესებს როგორ აფასებენ ამ ყველაფერს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ პროექტში მონაწილეობამ და ფინალში გასვლამ, გაზარდა ცნობადობა და ინტერესი სტუდიის მიმართ.
თაია არდოტელი