პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, ვეტერანები შესაძლოა, კონკურსის გარეშე დასაქმდნენ.
ინიცირებული საკანონმდებლო წინადადების ავტორი, ააიპ „სამხედრო მოსამსახურეთა, ომისა და სამხედრო ძალების მოსამსახურეთა და ვეტერანთა სამართლებრივი მომსახურების ცენტრია“.
საკანონმდებლო წინადადების თანახმად, ცვლილება უნდა შევიდეს „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ კანონში. ცვლილებების შედეგად კი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ ვეტერანთა დასაქმება კონკურსგარეშე, მათი თანამდებობიდან გათავისუფლება კი უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში მოხდება.
ამასთან, საკანონმდებლო წინადადებაში საუბარია, უბინაო ვეტერანების საცხოვრებელი ბინით დაკმაყოფილებაზე.
რაც შეეხება ცვლილებისთვის საჭირო ფინანსებს, როგორც პროექტშია აღნიშნული, „დღეის მდგომარეობით, უბინაო ვეტერანთა ზუსტი მონაცემები არ არსებობს, ამიტომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ვეტერანთა საბინაო ფონდის შესაქმნელად 1 მილიონი ლარის გამოყოფა მიგვაჩნია მიზანშეწონილად“.