მიმდინარე წლის შემოდგომაზე ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის პოსტი რომეო მიქაუტაძემ დაიკავა.
მანამდე, 2013 წლიდან მოყოლებული, მიქაუტაძე სს ,,გეს საქრუსენერგოს“ გენერალური დირექტორი იყო. თუმცა, 2017 წლის 4 დეკემბერს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში მიქაუტაძეს არ აქვს მითითებული თუ რა შემოსავალს იღებდა დირექტორის პოსტზე.
რაც შეეხება მის ქონებას, დეკლარაციის მიხედვით მიქაუტაძე უძრავი-მოძრავი ქონებიდან მხოლოდ 113,44 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას ფლობს თბილისში.
დეკლარაციის შევსების მომენტში, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს "ვი–თი–ბი ბანკის" მიმდინარე ანგარიშზე 4 194 დოლარი; სახელფასოზე - 4 282,63 ლარი; საკრედიტოზე - 415 297,22 ლარი, ხოლო „ლიბერთი ბანკში“ 6 000 ლარის ოვერდრაფტი ჰქონდა.
როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, 2017 წლის სექტემბერში მიქაუტაძეს 47 500 დოლარის ღირებულების მიწის ნაკვეთზე ნასყიდობის ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. ამასთან, გასულ წელს, დივიდენტის სახით 10 000 ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო.
ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს მეუღლე და ორი შვილი ჰყავს. მისი მეუღლე ფლობს 44 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას ბათუმში, რომელიც 2017 წელს 20 000 დოლარად შეიძინა, ასევე მის საკუთრებაშია 48 კვ. მეტრის მანსარდი. მასვე ეკუთვნის მსუბუქი ავტომობილი, მინი კუპერი paceman-ი, რომელიც 2016 წელს 23 000 ევროდ არის ნაყიდი. მიქაუტაძის მეუღლე შპს little one-ის მესაკუთრე და დირექტორია, რომლის საქმიანობითაც მისმა შემოსავალმა 82 000 ლარი შეადგინა. ამასთან, მის სახელზეა გაფორმებული 2016 წელს ნასყიდობის ხელშეკრულება 20 000 დოლარის ღირებულების ბინაზე, რომლის შედეგადაც მისმა შემოსავალმა 20 000 დოლარი შეადგინა.