ამერიკაში სტუდენტობა სულ ცოტა 180 ათასი დოლარი ღირს

ბრიტანულმა ბანკმა HSBC-მ მსოფლიოს 15 ქვეყანაში საკუთარ კლიენტ 8500 მშობელს შორის გამოკითხვა ჩაატარა - სურდათ თუ არა მათ შვილებს მიეღოთ უმაღლესი განათლება საზღვარგარეთ. კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხული მშობლების 42% მიესალმება, რომ მათმა შვილებმა ისწავლონ საზღვარგარეთ, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 7 პროცენტით მეტია.

როგორც CNN წერს, გამოკითხვამ აჩვენა, რომ მშობლების ინტერესი საზღვარგარეთ განათლების მიღებასთან დაკავშირებით ყველა გამოკითხულ ქვეყანაშია გაზრდილი. თუმცა, მეტი ენთუზიაზმით გამოირჩეოდნენ მშობლები, ჩინეთიდან, ინდოეთიდან, ჰონგ-კონგიდან, მალაიზიიდან, ინდონეზიიდან და გაერთიანებული არაბეთის საემიროებიდან. ბრიტანელი, ფრანგი და ავსტრალიელი მშობლები კი ამ მხრივ ნაკლებ ინტერესს იჩენდნენ, თუმცა ამათზე მეტი იყო ამერიკელი მშობლების დაინტერესება.

ამერიკელი მშობლების თქმით, ისინი ისურვებდნენ, რომ მათ შვილებს ესწავლათ ავსტრალიასა და დიდ ბრიტანეთში. ხოლო არაამერიკელი მშობლების უმეტესობისთვის სასურველი ქვეყანა აღმოჩნდა სწორედ ამერიკა.

კველვამ აჩვენა, რომ მშობლებს არ აქვთ რეალური წარმოდგენა თუ რა დაუჯდებათ მათი შვილების განათლება შტატებში. მშობლების აზრით, სწავლის წლიური საფასური დაახლოებით 11 ათასი დოლარია. რეალურად კი უნივერსიტეტებში სწავლა ერთი წლის განმავლობაში, სულ ცოტა 33 ათასი დოლარი ღირს.

ბანკი აქვე მიუთითებს, რომ რეალურად უცხოელი სტუდენტები ხშირ შემთხვევაში გადასახადს სრულად იხდიან და საცხოვრებელი ქირის ხარჯებთან ერთად, ოთხი წლის დანახარჯი სწავლაზე საშუალოდ 180 ათასი დოლარია.

კოკა კვირკველია