ნავთობის ფასი ამ კვირაში კლებას აგრძელებს, რისი ძირითადი მიზეზიც, შეერთებულ შტატებში ბენზინის მარაგების ზრდაა.
აშშ-ის ენერგიის ინფორმაციის ადმინისტრაციის (EIA) ცნობით, ბენზინის მარაგები წინა კვირაში 6.8 მილიონი ბარელით გაიზარდა, რაც მოსალოდნელ ზრდაზე მეტია. დისტლატების, მათ შორის დიზელის მარაგი 1.7 მილიონი ბარელით გაიზარდა.
ამავდროულად, შეერთებულ შტატებში 5.6 მილიონი ბარელით შემცირდა ნედლი ნავთობის მარაგი. ანალიტიკოსების მოლოდინი კი 3.4 მილიონი ბარელით კლება იყო. ამერიკის ნავთობის ინსტიტუტის (API) ინფორმაციით, ნავთობის მიწოდება 5.5 მილიონი ბარელით არის შემცირებული.
ამერიკული დასავლეთ ტექსასური საშუალოს (WTI) მარკის ნედლი ნავთობის ფასი 82 ცენტით შემცირდა და ბარელში 56.84 დოლარამდე ჩამოვიდა. პარალელურად, ბრენტ მარკის ნავთობის ფასი 66 ცენტით, 62.18 დოლარამდე შემცირდა.
როგორც ცნობილია, ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანზაციამ (OPEC) და მისმა არაწევრმა მსხვილმა ექსპორტიორმა ქვეყნებმა, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ყოველდღიური მიწოდების 1.8 მილიონი ბარელით შეკვეცის შეთანხმება, მომავალი წლის ბოლომდე გააგრძელეს. ეს გარემოება, მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდებას შორის არსებული ბალანსის შენარჩუნებას უწყობს ხელს, რისი წყალობითაც, ნავთობის ფასი იზრდება.
მაგრამ ამ ტრენდს პერიოდულად ასუსტებს ამერიკის მიერ ნავთობის მიწოდების ზრდა. ეს კი თავის მხრივ გამოწვეულია იმით, რომ ფასის ზრდის კვალობაზე, ამერიკული ჭაბურღილების რიცხვი და შესაბამისად მოპოვებაც, მატულობს.