ჯერ კიდევ გუშინ, ბიტკოინმა იმით გაგვაოცა, რომ მისი ფასი 12 000-დოლარიან ზღვარს ასცდა, ამ ერთ დღეში გუშინდელი ფასის მეოთხედით გაიზარდა! ამერიკაში ბაზირებულ სავაჭრო პლატფორმა GDAX-ზე, ყველაზე პოპულარული ციფრული ვალუტის ფასი 15 245.00 დოლარის ნიშნულზე დაფიქსირდა.
ასეთი მკვეთრი ზრდა, ოპციონებით მოვაჭრე უდიდესი ამერიკული ბაზრის, „CBOE გლოუბლ მარკეტსის“ მიერ გამოქვეყნებულმა განცხადებამ გამოიწვია იმის თაობაზე, რომ ის ბიტკოინების ფიუჩერსებით ვაჭრობას 10 დეკემბერს დაიწყებს. ამის უფლება მას სასაქონლო ფიუჩერსებით ვაჭრობის კომისიამ მიანიჭა. პარალელურად, მსოფლიოს უდიდესი საფინანსო ბაზარი - „CME ჯგუფი“ ბიტკოინის ფიუჩერსების კონტრაქტებზე მუშაობას 18 დეკემბერს შეუდგება.
ამ ორ უზარმაზარ სავაჭრო პლატფორმაზე ვაჭრობის დაწყება იმას ნიშნავს, რომ ბიტკოინი უფრო მეტად დაექვემდებარება რეგულაციებს, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ბიტკოინი დიდმა კომერციამ აღიარა და მისი ფიუჩერსებით ვაჭრობა ნიშნავს, რომ ამ ვალუტით ვაჭრობა გაცილებით გაადვილდება.
ცნობისათვის, ამ წლის დასაწყისში, ბიტკოინის ფასი 968.23 დოლარი იყო და მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ასეთ მკვეთრ ზრდასთან გვექნებოდა საქმე. ფასის ასეთმა მატებამ, კომერციის ამ ახალ სფეროში ჩართული ინდივიდების ბუმისებრი მატება გამოიწვია, რაც თავის მხრივ, ბიტკოინზე მოთხოვნას და შესაბამისად, ფასსაც ზრდის. ბევრი ანალიტიკოსი თვლის, რომ ეს პროცესი სულ უფრო მეტად ემსგავსება სპეკულაციურ ბუშტს, როგორებიც იყო მე-17 საუკუნის ეგრეთ წოდებული ჰოლანდიური ტიტის ბუშტი და ამ საუკუნის დასაწყისის დოტ კომის ბუშტი. ორივე შემთხვევაში, ბუშტის გასკდომას, საქმეში ჩართული ინვესტორებისთვის კატასტროფული შედეგები მოჰყვა.
ახლახანს ბიტკოინი „გოლდმენ საქსის“ მთავარმა აღმასრულებელმა ლოიდ ბლანკფაინმა გააკრიტიკა, რომელმაც ამ ვალუტას „თაღლითობის მანქანა“ უწოდა. ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც ბიტკოინის ფასი სულ რაღაც 24 საათში 20 პროცენტით გაიზარდა. ბლანკფაინამდე ბიტკოინს „JP მორგანის“ მთავარი აღმასრულებელი, ჯეიმი დაიმონი აკრიტიკებდა. მისი თქმით, ბიტკოინის ბუშტი ადრე თუ გვიან, აუცილებლად გასკდება.