ტილო Salvator Mundi (სამყაროს მხსნელი), რომელიც გასულ თვეს რეკორდულ თანხად 450,3 მილიონ დოლარად გაიყიდა, დროებით ბინას „აბუ დაბის ლუვრში“ დაიდებს.
500 წლის წინ შესრულებული ტილო, რომელზეც ქრისტეა გამოსახული და რომელიც ლეონარდო და ვინჩის ნამუშევრად არის მიჩნეული, ნიუ იორკის „ქრისტის“ აუქციონზე გასულ თვეს გაიყიდა და აღმოჩნდა, რომ მისი იდუმალი მყიდველი საუდის არაბეთის პრინცი, ბადერ ბინ აბდულა ბინ მოჰამედ ბინ ფარჰან ალ საუდია.
პრინცის ვინაობა გამოცემა New York Times-მა დაადგინა, თუმცა თავად „ქრისტის“ აუქციონს აღნიშნულზე კომენტარი არ გაუკეთებია.
„აბუ დაბის ლუვრი“ პარიზული ლუვრის ფრანჩიზაა, რომელიც აბუ დაბიში გაიხსნა. ეს ქალაქი ცდილობს, რომ მისი მეზობელი დუბაისგან განსხვავებით უფრო კულტურისა და ხელოვნების მიმართულებით მიიპყროს ყურადღება. აღნიშნული მუზეუმის ორგანიზატორები მსოფლიოს ხელოვნების ნიმუშების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი „ბაიერები“ არიან. თავად მუზეუმი გასულ თვეს გაიხსნა, მის პერმანენტულ კოლექციაში წარმოდგენილია 600-ზე მეტი ნამუშევარი, მათ შორის იყო ჯოვანი ბელინის „Madonna and Child“ და’ვინჩის „La Belle Ferronnière“ და სხვები.
კოკა კვირკველია