თუ საშუალება გვაქვს და განათებაში ვიხდით სამ მილიონს, მინიმუმ ორჯერ მეტს, რაც ოდესმე გადაგვიხდია, რატომ არ აქვს ბიუჯეტს იმის საშუალება, რომ 1,18 ლარის ნაცვლად სოციალურად დაუცველები გამოკვებონ, მაგალითად 2,5 ლარად?! , - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
ხაბეიშვილმა თბილისის მერიის მიერ საახალწლოდ დედაქალაქის გასანათებლად მილანურ კომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყოფილ მერს, დავით ნარმანიას მილანში კონტაქტები არ აქვს. შესაბამისად, სავარაუდოდ, ის ხელშეკრულებას ვერ გააფორმებდა.
„საზოგადოებამ თავად განსაჯოს, ვის მიუწვდება ხელი მილანში. კოკელ ნარმანიას თუ გვინდა დავაბრალოთ, რომ თურმე მილანში პირადი კონტაქტები ჰქონდა და ნარმანიას “გაუჩარხია“ ეს საქმე, არ ვიცი ახლა! კი ბატონო, შევტენოთ ნარმანიას, ისედაც ბევრ რამეს ტენის კალაძე ნარმანიას, მაგრამ „ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებს!“. ნარმანიას არ ვიცავ, მარტივ რამეს ვამბობ - მილანში კონტაქტები აქვს კალაძეს. სამი მილიონი ლარის ხელშეკრულება გააფორმა დედაქალაქის მერიამ. ერთ პირთან მოლაპარაკების გზით. ტენდერის გარეშე. ჩნდება ლოგიკური კითხვები“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
ხაბეიშვილმა კითხვებზე პასუხის გაცემა დედაქალაქის მერიისგან მოითხოვა. ამასთან, გადაცემის სტუდიაში თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა ჩაერთო, რომელიც ეთერში მისთვის განკუთვნილ დროზე ადრე აღმოჩნდა. „მე გადაცემის ფორმატი ვიცი, მაშინ უნდა ჩავრთულიყავი, როდესაც ბატონი ხაბეიშვილი დაასრულებდა. მაგრამ იგი იმდენად აბსურდულ განცხადებებს აკეთებს, იმდენად პოპულისტობენ და უკვე ყველაფერზე მიდიან, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ და ამით ქულები დაიწერონ, მე ვერ გავძელი, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ვარ. ეს ჩემი გააზრებული გადაწყვეტილება იყო“, – განაცხადა ზარქუამ სტუდიაში.
მომხდარმა ლევან ხაბეიშვილის გაღიზიანება გამოიწვია. „არ გინდა ახლა სუპერმენობა. სუპერმენ ზარქუასთან არ ვაპირებ საუბარს!“, – განაცხადა ხაბეიშვილმა და ეთერი დატოვა.