ახალი წლის მოახლოებასთან ერთად აქტუალური და საინტერესოა, თუ რომელ ტურისტულ მიმართულებებს ირჩევენ ქართველები ზამთრის არდადეგებისთვის და საახალწლო უქმეებისთვის.
როგორც ტურისტულ კომპანიებში „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადეს, მოქალაქეები ძირითადად მცირე ბიუჯეტიან, იაფ მიმართულებებზე აკეთებენ არჩევანს. მათივე ცნობით, ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებად კვლავ ეგვიპტე და დუბაი რჩება.
„მოქალაქეები უკვე აქტიურად გეგმავენ თუ სად შეხვდებიან ახალ წელს. ყველაზე აქტუალური მიმართულებები, როგორც ახალი წლისთვის, ისე ზოგადად ზამთრის სეზონისთვის ეგვიპტე, დუბაი და ევროპის მიმართულებებია. საუბარია, იმ ქალაქებზე, სადაც დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია „ვიზეარს“ აქვს ფრენები. მაგალითად, ბუდაპეშტი, მილანი, ბერლინი, მიუნხენი და ა.შ. ამასთან, აღსანიშნავია, რომ გაზრდილია მოთხოვნა და საკმაოდ პოპულარულია ისეთი მიმართულებები როგორიცაა შრილანკა, ტაილანდი, გოა და სხვა,“-აღნიშნავენ „გლობალ თრეველში“.
რაც შეეხება ფასებს, კომპანიაში აცხადებენ, რომ ფასები საშუალოდ 500-600 ლარიდან იწყება და დამოკიდებულია ტურის ხანგრძლივობასა და იმაზე თუ რამდენი ხნით ადრე დაიგეგმება ტური.
good travel-ის წარმომადგენლის, სოფიო ნაცვლიშვილის ცნობით, მოთხოვნა ძირითადად ფასიდან გამომდინარეობს და ყველაზე პოპულარული მიმართულებებია ეგვიპტე, დუბაი, ტაილანდი, შრილანკა და ევროპის სხვადასხვა ქალაქი, მათ შორის ბუდაპეშტი, პრაღა და ა.შ.
რაც შეეხება ფასებს, დამოკიდებულია ქალაქზე, ტურის ხანგრძლივობაზე და 260 ევროდან 3 000 დოლარამდე მერყეობს.
„ნიმა ტურსის“ დირექტორის, მარიამ ზაუტაშვილის შეფასებით ზამთრის პოპულარული ტურისტული მიმართულებებია: თურქეთი, ბაქო, იტალია, პოლონეთი და საფრანგეთი. რაც შეეხება ფასებს, მისი თქმით, ტურ-პაკეტები ახლა შედარებით გაძვირებულია, რადგან საახალწლოდ ავიაბილეთებზე მოთხოვნა და ფასიც იზრდება.