საჯარო დაწესებულებების ელფოსტით წარმოებული მიმოწერა ნებისმიერი პირისთვის ხელმისაწვდომი იქნება

საჯარო დაწესებულებების ოფიციალური ელექტრონული ფოსტით მიღებული და გაგზავნილი ინფორმაცია, ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომი იქნება.

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) ცნობით, უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ საჯარო დაწესებულებების ოფიციალური ელექტრონული ფოსტით, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული და გაგზავნილი ინფორმაცია წარმოადგენს ღია საჯარო ინფორმაციას, რომელიც ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს.

„IDFI-იმ საჯარო ინფორმაციის მიღების შესახებ განცხადებით იუსტიციის სამინისტროს 2015 წლის 10 მარტს მიმართა. IDFI-ის მოთხოვნას წარმოადგენდა იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელის (მინისტრის) ან შესაბამისი უფლებამოსილი პირის სამსახურეობრივი ელექტრონული ფოსტიდან გადაუდებელი აუცილებლობით განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გაგზავნილი და მიღებული წერილების ასლების გაცემა.

იუსტიციის სამინისტრომ უპასუხოდ დატოვა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ ჩვენი განცხადება, ისევე როგორც შესაბამისი ადმინისტრაციული საჩივარი. საკუთარი უფლებების დაცვის მიზნით IDFI-იმ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა IDFI-ის სარჩელი, რის შემდეგაც IDFI-მ გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ საკუთარი განჩინება სრულად დააფუძნა პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიციას და 2016 წლის 27 დეკემბერის განჩინებით უცვლელად დატოვა იგი.

2017 წლის 14 მარტს IDFI-იმ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. უზენაესმა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა IDFI-ის მოთხოვნა,“-ნათქვამია IDFI-ის ინფორმაციაში.