11 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა რაოდენობა 44%-ით გაიზარდა

მიმდინარე წლის 11 თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტების მიერ, რეგულარული და ჩარტერული რეისების შედეგად გადაყვანილ იქნა 3 816 538 მგზავრი, რაც წინა წლის ანალოგიურ მონაცემს (2 641 539 მგზავრი) 44.48%-ით აღემატება , - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო იუწყება.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2 943 417 მგზავრს მოემსახურა, რაც 40.89%-ით (854 293 მგზავრით) მეტია, ვიდრე გასული წლის 11 თვის მონაცემებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა.

გასული თვეების განმავლობაში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით 484 527 მგზავრი იქნა გადაყვანილი, რაც 59.11%-ით (180 012 მგზავრით) მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (304 515 მგზავრი).

რაც შეეხება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს, მასში მგზავრთნაკადი 55.80%-ითაა გაზრდილი. თუ წინა წლის 11 თვეში აეროპორტი 243 918 მგზავრს მოემსახურა, მიმდინარე წელს აღნიშნულმა მაჩვენებელმა 380 026 მგზავრი შეადგინა - 136 108 მგზავრით მეტი.

რაც შეეხება ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებს, მესტია მიმდინარე წლის 11 თვის განმავლობაში 6 881 მგზავრს მოემსახურა, რაც 2 899 მგზავრით, შესაბამისად, 72.80%-ით მეტია ვიდრე გასული წლის პირველ 11 თვეს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა (3 982). ამბროლაურის აეროპორტმა წელს პირველად მიიღო მგზავრები და იანვრის შუა რიცხვებიდან ნოემბრის ბოლომდე მათი რაოდენობა 1 687-ს შეადგენს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, მიმდინარე წლის 11 თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტებში 5 399-ით მეტი რეისი განხორციელდა. მონაცემები ასე გამოიყურება - სამგზავრო და სატვირთო რეისების რაოდენობა სულ - 19 496, აქედან რეგულარული რეისების რაოდენობაა 16 538, ხოლო ჩარტერების 2 958. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული რეისების რაოდენობასთან შედარებით, ზრდა 38.30%-ს შეადგენს.

12.93%-ით იმატა საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების მაჩვენებელმა. 2016 წლის 11 თვიან პერიოდში ერთეული გადაფრენების რაოდენობა იყო 117 549, მიმდინარე წლის განვლილ თვეებში კი საქართველოს საჰაერო სივრცეში 132 747 ერთეული გადაფრენა დაფიქსირდა.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, სატვირთო გადაზიდვების კუთხით, 2016-2017 წლების 11 თვის მონაცემებს შორის ასევე ზრდა დაფიქსირდა - საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთის მოცულობამ 29 895, 652 ტონა შეადგინა, რაც 547 ტონით მეტია, ვიდრე წინა წლის 11 თვეში გადაზიდული ტვირთის ოდენობა.