20 წლის ლუკა ლომთაძე მსოფლიოს ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელის, Facebook-ის გუნდს მაისიდან შეუერთდება.
ქართველი სტუდენტი, რომელიც ამჟამად აშშ-ში, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული ინჟინერიის ფაკულტეტზე სწავლობს, Facebook-მა 250 000 აპლიკანტს შორის შეარჩია, კონკურსის შედეგად კი ლუკა ლომთაძე იმ 300 სტუდენტს შორის მოხვდა, რომლებიც კომპანიაში სტაჟირებას გაივლიან.
შეკითხვაზე, ჰქონდა თუ არ იმედი, რომ Facebook-ისთვის მისი კანდიდატურა მისაღები იქნებოდა, ლუკა პასუხობს, რომ იმედით არაფერს აფასებს, რადგან ყველაფერი, რაც გამოსდის ან არ გამოსდის, მის მიერ დახარჯული შრომიდან გამომდინარეობს, - "მივიჩნევდი, რომ საკმაოდ ძლიერი კანდიდატი ვიყავი და ვიცოდი, რომ მიზანს აუცილებლად მივაღწევდი. მეხუთე კლასიდან მოყოლებული ამისთვის ვემზადებოდი. როგორც Software Development-ის სტაჟიორი, Facebook-ში 3 თვით ვიმუშავებ. გუნდებში განაწილება დაწყებამდე 1-2 თვით ადრე ხდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩემი გამოცდილებით ნებისმიერ პროექტზე მუშაობით კარგად გავერთობი" - აღნიშნავს ლუკა.
გამოცდილება მართლაც დიდი აქვს. სკოლაში სწავლისას ინფორმატიკის ეროვნულ ოლიმპიადაში გამარჯვებულთა სიაში 3-ჯერ მოხვდა. მე-10 კლასში იყო, როცა სხვადასხვა პლატფორმაზე პროგრამული სისტემების წერა დაიწყო:
„ჯამში 8 ტექნიკური სტარტაპი წამოვიწყე, დღეს 2 აქტიურად მუშაობს. საქართველოში დარჩენისას გადავწყვიტე, რომ მაქსიმალურად გამომეყენებინა ყველა შესაძლებლობა, რასაც ვხედავდი და სწრაფი ტემპით განვვითარებულიყავი. უნივერსიტეტის პირველი სემესტრიდან დავიწყე მუშაობა და სანამ კალიფორნიაში წამოვიდოდი 10 წამყვან ორგანიზაციასა თუ სახელმწიფო სტრუქტურაში დეველოპერად ვიმუშავე. ერთ-ერთი ასეთი უწყება იყო განათლების სამინისტრო, სადაც ჩემს კურსელებთან ერთად პირველ კურსზე გამოცდების ეროვნული ცენტრის მობილური აპლიკაცია შევქმენი. ეს აპლიკაცია სტუდენტებს საშუალებას აძლევს, ეროვნული თუ საატესტატო გამოცდების მსგავსი ტესტები ტელეფონით გააკეთონ და გამოცდებისთვის უკეთ მოემზადონ.
საბოლოო ჯამში ისე გამოვიდა, რომ პროექტი თითქმის ყველა პოპულარულ ენაზე სხვადასხვა პროგრამირებადი პლატფორმისთვის მქონდა აწყობილი და დიდი გამოცდილებაც დამიგროვდა".
მას შემდეგ, რაც Facebook-ის ადმინისტრაცია მის რეზიუმეს გაეცნო, კომპანიაში მოსახვედრად, სათავო ოფისში გაიარა ორი ტექნიკური გასაუბრება, რომელშიც მისი შესაძლებლობები პროგრამირების საოლიმპიადო ამოცანების ოპტიმალურ ამოხსნაში გამოცადეს, შედეგად, დასახულ მიზანს მიაღწია.
"მთელი პროცესი 2 თვის განმავლობაში გაგრძელდა და საბოლოოდ მივაღწიე მიზანს, რომელიც 10 წლის წინ დავისახე, როცა პროგრამირება დავიწყე", - დასძენს ახალგაზრდა პროგრამისტი.
კონკურსის მიმდინარეობაზე საუბრისას იხსენებს, რომ ეს იყო ყველაზე განსხვავებული სპეციფიკის მქონე გასაუბრება, რაც კი ოდესმე გაუვლია, - "ინტერვიუ რადიკალურად განსხვავდებოდა ყველა იმ სამუშაო გასაუბრებისგან, რაც აქამდე მქონია. არანაირი შეკითხვა ჩემს წარსულის გამოცდილებაზე არ დასმულა. უბრალოდ მომცეს ტექნიკური დავალებები და შეზღუდული დრო, რომ პრობლემების გადასაჭრელად რაც შეიძლება ოპტიმალური კოდი დამეწერა. ორივე ტექნიკური ინტერვიუ მოცემულ დროზე საგრძნობლად ადრე დავასრულე და ვფიქრობ, მთელ პროცესში ყველაზე დიდი როლი ამან ითამაშა".
ახალგაზრდა პროგრამისტის თქმით, Facebook-ის პროგრამისტებთან მუშაობით დიდ გამოცდილებას მიიღებს, მისი რეზიუმეს დასაწყისში კი კომპანიაში გავლილი სტაჟირება საპატიო ადგილს დაიკავებს, რასაც ლუკას მომავალი დამსაქმებელი აუცილებლად გაითვალისწინებს, - "სამუშაო გამოცდილების ჩამონათვალში ვინმე Facebook-ს რომ წაიკითხავს, დიდი ალბათობით, დანარჩენს უბრალოდ, თვალს გადაავლებს. ზოგადად Facebook-ის სტაჟირების მთავარი მიზანი არის ისეთი პროგრამისტების მოძებნა, რომლებიც უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ კომპანიაში სრულ განაკვეთზე იმუშავებენ. მაქსიმალურად შევეცდები, ყველა ახალი შესაძლებლობა გამოვიყენო".
ლუკა პროგრამირეით აქტიურად მეხუთე კლასიდანაა დაკავებული. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ იგი მუდმივად დაკავებულია, თავის ჰობს მაინც არ ივიწყებს:
"ჩემი უნივერსიტეტის ყოველწლიური ფოტოკონკურსი 2-ჯერ მოვიგე. მიყვარს ახალი ადამიანების გაცნობა, სხვადასხვა ეროვნების მეგობრების გაჩენა ძალიან მსიამოვნებს. ასევე მიყვარს კითხვა, რომლისთვისაც ბოლო პერიოდში სულ უფრო და უფრო ცოტა დრო მრჩება".
როდესაც დრო რჩება, გამოცდილებას სხვა ადამიანებს უზიარებს და მათთვის რთული საკითხების შესწავლაში ეხმარება.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ლუკას წინასწარ ვერ წარმოუდგენია, თუ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სად იქნება, - "იმდენად ბევრი რამის გაკეთება შეიძლება ამ 2 წელიწადში, სანამ უნივერსიტეტს დავამთავრებ, წინასწარ ვერ ვამბობ ზუსტად სად ვიქნები, თუმცა ვიცი რომ იქ ვიქნები, სადაც სხვებს ვჭირდები და ჩემს შესაძლებლობებს მაქსიმალურად გამოვიყენებ, რომ ჩემ ირგვლივ ხალხი გავახარო".
ავტორი მარიამ მენაბდიშილი
წყარო: ALLNEWS.GE