სოციალური მომსახურების სააგენტოს დახმარებით წელს 700-ზე მეტი ადამიანი დასაქმდა

სასტუმრო "ბილტმორში" სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით დასაქმების ფორუმი მიმდინარეობს.

დასაქმების ფორუმი ერთდღიანია და მიმდინარე წელს მეთოთხმეტედ ტარდება. ფორუმი სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა ზაზა სოფრომაძემ გახსნა.

ფორუმის მონაწილეებს, დამსაქმებლებთან შეხვედრა 12:00 დან 15:00 საათამდე შეეძლებათ. მონაწილე კომპანიები წარმოადგენენ აქტიურ ვაკანსიებს მომსახურების, საბანკო, სავაჭრო, სამრეწველო, საფინანსო და სხვა სფეროებიდან.

სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მარიამ ბეზარაშვილის განცხადებით, დასაქმების ფორუმზე 1600 ადამიანია დარეგისტრირებული.

"სიციალური მომსახურების სააგენტო საქართველოს მასშტაბით წელს უკვე მეთოთხმეტე ფორუმს ატარებს დასაქმების ხელშეწყობის მიზნით. ეს მიმდინარე წელს ბოლო ფორუმია. 62 მსხვილი კომპანია წარმოდგენილია შრომის ბაზარზე არსებული ღია ვაკანსიებით. 1000-ზე მეტი ვაკანსიაა. 1600-მდე ადამიანი დარეგისტრირდა, თუმცა არიან ისეთები, ვინ აქვე, ადგილზე გაივლიან რეგისტრაციას. შეზღუდვა არაა არც ასაკში და არც პროფესიაში", - განაცხადა მარიამ ბეზარაშვილმა.

მისივე თქმით, წელს 700-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.

სოციალური მომსახურების სააგენტოს დორექტორის ზაზა სოფრომაძის განცხადებით, განსაკუთრებული ყურადღება ამ ფორუმების მიმდინარეობისას ექცევა მოწყვლად კატეგორიებს.

“ჩვენ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად იყვნენ წარმოდგენილი ისეთი მოქალაქეები, რომლებსაც დასაქმების კუთხით გარკვეული შეზღუდვები აქვთ",- განაცხადა ზაზა სოფრომაძემ.

წლის შემაჯამებელ დასაქმების ფორუმზე დამსაქმებელი კომპანიები შემდეგ ვაკანსიებს წარმოადგენენ: პროექტის მენეჯერი, ოპერატორ-ტექნიკოსი, გაყიდვების მენეჯერი, ბუღალტერი, მაღაზიის მენეჯერი, ტექნიკოსი, ტრანსპორტის სპეციალისტი, ხაზინის სპეციალისტი, მარაგების მართვის უფროსი, უსაფრთხოების ადმინისტრატორი, შიდა აუდიტორი, საწყობის თანამშრომელი, IT სპეციალისტი, სექტორის მენეჯერი, მიმღები ოპერატორი, პერსონალური მენეჯერი, მონიტორინგის მენეჯერი, ფილიალის მენეჯერი, უფროსი პროგრამისტი, სატელეფონო ცენტრის სპეციალისტი, კურიერი, მძღოლი, ენერგეტიკოსი, მერჩენდაიზერი.

სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამონაწილეობით და ორგანიზებით მთელი საქართველოს მასშტაბით 2017 წელს 12 დასაქმების ფორუმი და 1 დასაქმების ფესტივალი ჩატარდა. მე-14 ფორუმი, კი რომელიც „ბილტმორში“ ტარდება, უშუალოდ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ არის ორგანიზებული.

ფორუმს ესწრება თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი. მისი განცხადებით, ასეთ ფორუმებში დედაქალაქის მერიის მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია.

"ზოგადად ასეთ ფორუმებში მონაწილეობა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. აუცილებლად ვიქნებით ჩართული ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში",- განაცხადა ბენდელიანმა.