არასამთავრობო ორგანიზაციამ “საზოგადოება და ბანკები” ქუთაისში, ადგილობრივ მოსახლეობას ფინანსური პირამიდების შესახებ კვლევის პრეზენტაცია წარუდგინა და მის საფრთხეებზე ესაუბრა.
შეხვედრის მიზანი მომხმარებლის ფინანსური განათლების დონის ამაღლება იყო.
ორგანიზაციის ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ფინანსური პირამიდებისგან მიყენებულმა ზარალმა 100 მილიონ ლარს მიაღწია. დაზარალდა დაახლოებით 4 000 ადამიანი.
კერძოდ, “საზოგადოება და ბანკების” მონაცემებით, კომპანია ”საქართველომ“ 2 343 მოქალაქე დააზარალა და გაიფლანგა 81 მილიონი ლარი; კომპანია MFX Broker Georgia – 111 ადამიანი და 4.2 მილიონი ლარი; კომპანია ევროკრედიტი - დაუზუსტებელი ინფორმაციით, ზარალის მოცულობა 3 მილიონ ლარს აჭარბებს.
შეხვედრაზე დამსწრეებს ის ნიშნებიც გააცნეს, რაც საქართველოში მოქმედ თაღლითურ კომპანიებს ახასიათებს.
”ესენია აქტიური სარეკლამო მარკეტინგი და საბაზროზე მაღალი სარგებელი; დამალული/რთული ბიზნესმოდელი; აქცენტირება ყოველთვის კომპანიის წარმატებაზე და გაცემულ სახსრებზე ხდება; საწევროს მცირე შენატანი და გამდიდრების მომხიბლველი შანსი”, - აღნიშნულია ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკების” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ორგანიზაციამ კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, გარკვეული რეკომენდაციებიც შეიმუშავა. მათ შორის პირამიდა ბიზნესისთვის საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავება და პირამიდული ბიზნესის კრიმინალიზება.
პროექტს - ”პირამიდა ბიზნესი და მომხმარებელთა ფინანსური განათლების ამაღლება” ”საზოგადოება და ბანკები” გერმანული შემნახველი ბანკების ფონდთან და ”განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან” ერთად ახორციელებს.