სპეცოპერაციისას დაზარალებული ოჯახების ნაწილი თბილისის მერიისგან 250-ლარიან დახმარებას მიიღებს

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას დაზარალებული ოჯახების ნაწილი თბილისის მერიისგან 250-ლარიან დახმარებას მიიღებს , - ამის შესახებ ისნის რაიონის გამგებელმა კახა ლაბუჩიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. დახმარება ამ ეტაპზე 15 ოჯახს გადაეცემა.

„დაიწყეს ექსპერტებმა სამუშაოები. შევიდნენ დილით და მთელი დღე მუშაობდნენ, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ინფორმაციაზე წვდომა. მოხდა თითოეული ოჯახის წევრის დაბარება, დაათვალიერეს ყველა ბინა, დაასურათეს. ექსპერტებმა მოითხოვეს სამუშაოებისთვის რამდენიმე დღე. ყველა ოჯახს ჰქონდა საშუალება, ენახა თავისი სახლი. ეს ოჯახები ისევ რჩებიან სასტუმროებში, რომელიც შესთავაზა დედაქალაქის მერიამ“, - განაცხადა ლაბუჩიძემ.

როგორც ისნის რაიონის გამგებელი განმარტავს დაზარალებულებისთვის გადაცემული 500-500 ლარი არ იყო კომპენსაცია, ოჯახებს მხოლოდ ერთჯერადი დახმარება გადაეცათ.

„500 ლარი გადავეცით იმ ოჯახების წევრებს, რომლებსაც დაეწვათ საცხოვრებლები. ასევე მოხდა მეორე ერთჯერადი დახმარების გაცემა, დედაქალაქის მერიის სარეზერვო ფონდიდან, სულზე 250 ლარის ოდენობით. ეს იმ ოჯეხებისთვის, რომელთა ბინებიც უვნებლად გადარჩა, თუმცა ამ დრომდე არ მიეცათ ოჯახებში დაბრუნების საშუალება. ეს ადამიანები იყვნენ გამოსულები სახლებიდან ყოველგვარი ხელჩანთის და საფულის გარეშე. დედაქალაქის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ მათაც დახმარებოდა. პირველი, 500-ლარიანი დახმარება მიიღო რვა ოჯახმა, ხოლო დანარჩენი 15 ოჯახი, თითოეულ წევრზე 250 ლარს მიიღებს და ეს დახმარებები მათ ორშაბათს, დილით ჩაერიცხებათ“, - განაცხადა ლაბუჩიძემ და დასძინა, რომ ჯერჯერობით არ არის დათვლილი ავტომანქანების დაზიანებით გამოწვეული ზარალი.

„იცით, რომ კრიმინალისტები მუშაობდნენ და დაზიანებული ავტომანქანების დასათვლელადაც არ გვიშვებდნენ იქ. ექსპერტებმა უნდა თქვან რამდენად უსაფრთხოა იქ მოძრაობა. მანქანები გადაყვანილია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სპეციალურ ავტოსადგომზე. 10-12 დღის განმავლობაში, როგორც გვეუბნებიან ექსპერტების მიერ მოხდა მათი დასურათება და დოკუმენტაციის შედგენა. როგორც კი ოჯახებს მანქანები დაუბრუნდებათ, მას მოჰყვება აღწერილობის დოკუმენტაცია და დავიწყებთ კომპენსაციების გაცემას. დედაქალაქის მთავრობა ამ ხალხს გაჭირვებაში არ მიატოვებს“, - განაცხადა ლაბუჩიძემ.

მისივე თქმით, როგორც კი ექსპერტიზის პასუხი დაიდება, რომ კორპუსი საცხოვრებლად ვარგისია, ოჯახები, რომელთა საცხოვრებელიც არ დაზიანებულა, სახლებში დაბრუნდებიან. რაც შეეხებათ ოჯახებს, რომლებსაც სპეცოპერაციისას ბინები დაეწვათ, ლაბუჩიძის განცხადებით, მათ სურვილის შემთხვევაში დროებით ნაქირავებ ბინებში გადაიყვანენ.

„რვავე ოჯახისთვის გვექნება ბინები შერჩეული მათი სურვილით. ისინი თავად იყვნენ ჩართულები ამ პროცესში. ჩვენც შევთავაზეთ დახმარება ბინების მოძიებისას. არ მინდა წარმოვიდგინო საპირისპირო სიტუაცია, რომ ეს სადარბაზო, სახლი არ იქნება ვარგისი საცხოვრებლად, მაგრამ თუ ეს ასე იქნება, მათთვის ბინებს შევიძენთ. ძალიან მძიმე ღამე გადაიტანეს ამ ადამიანებმა, მათთან ყოველდღიური კონტაქტი გვაქვს. ამ სადარბაზოში 95 ადამიანი ცხოვრობს, აქედან 30 ბავშვია, 15 პენსიონერი“, - განაცხადა ლაბუჩიძემ.