კომპანია Apple-ი აპლიკაცია Shazam-ის ყიდვას აპირებს. აპლიკაცია, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს მუსიკა ტელეფონის მიდებით ამოიცნოს, დიდი პოპულარობით სარგებლობს.
ის ამ დროისთვის მჭიდროდ არის ინტეგრირებული Apple-ის ასისტენტ Siri-ში და iPhone-ის მომხმარებლები, ვისაც დაინსტალირებული აქვთ „შაზამი“, სიმღერის ამოცნობის დროს უბრალოდ ამბობენ “Hey Siri, what’s that song?” და აპლიკაცია სიმღერის იდენტიფიკაციას ამის შემდეგ აკეთებს. მაგრამ „შაზამს“ სხვა ფუნქციებიც აქვს, მას შეუძლია ამოიცნოს სატელევიზიო შოუებიც, რომელიც ჯერ არ მუშაობს Siri-ს ასისტენტში.
ტექნოლოგიური სიახლეების ვებგვერდის, TechCrunch-ის ინფორმაციით, Apple მზად იყო 400 მილიონი გადაეხადა Shazam-ში და შეთანხმება უკვე მომავალი კვირის დასაწყისშივე გაეფორმებინა. Shazam-ში კი აღნიშნულზე ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ.
ცნობისათვის, შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, Apple-ის მუსიკალური მიმართულება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი და მრავალფუნქციური იქნება მისი 27 მილიონი ხელმომწერისთვის, რომელიც რაოდენობის მხრივ ჩამორჩება მის უშუალო კონკურენტ Spotify-ს, რომელსაც 60 მილიონი ხელმომწერი ჰყავს.
კოკა კვირკველია