ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის ტექდათვალიერება 2018 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება და სხვადასხვა კატეგორიის ავტომობილებს ეტაპობრივად შეეხება.
მთავრობამ „ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც 2018 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება, უკვე შეიმუშავა.
აღსანიშნავია, რომ მთავრობის მიერ შემუშავებულ დოკუმენტში განსაზღვრულია ის სატრანსპორტო საშუალებები, რომელთა მიმართაც ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნები არ გავრცელდება. ესენია:
- ისტორიული ინტერესის სატრანსპორტო საშუალებები - სატრანსპორტო საშუალება, რომელიც დამზადებულია 1960 წლამდე; აღნიშნულ ტიპისა და მოდელის სატრანსპორტო საშუალება მოხსნილია წარმოებიდან; ისტორიულად დაცულია და შენარჩუნებული პირვანდელი მდგომარეობით და მისი ძირითადი კომპონენტების ტექნიკურ მახასიათებლებს არ განუცდიათ რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება.
- სატრანსპორტო საშუალებები, რომელთა ექსპლუატაცია მფლობელის მიერ დროებით შეჩერებულია;
- სატრანსპორტო საშუალებები, რომელთა დამამზადებლის მიერ დადგენილი მოძრაობის მაქსიმალური სიჩქარე 25 კმ/სთ-ს არ აღემატება;
- სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც საქართველოში დადგენილი წესით არ არიან რეგისტრირებულნი (საქართველოში დადგენილი წესით რეგისტრაციამდე)
- 0,75 ტონამდე მისაბმელები ავტოსატრანსპორტო საშუალებით; 0,75 ტონიდან 3,5 ტონამდე მისაბმელები და ნახევარმისაბმელები ავტოსატრანსპორტო საშუალებით ორი ან სამ თვლიანი ავტოტრანსპორტის კატეგორიას (O1, O2 და L კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებები).