Mercedes-Benz-მა უკვე იმაზე მეტი ავტომობილი გაყიდა, რამდენიც შარშან მთელი წლის განმავლობაში

გერმანულმა პრემიუმ კლასის ავტომობილების მწარმოებელმა კომპანია Mercedes-Benz-მა მიმდინარე წლის 11 თვეში 2 მილიონზე მეტი ავტომობილის რეალიზება მოახერხა.

ეს ის მონაცემია, რასაც კომპანიამ გასულ წელს 12 თვეში მიაღწია. კომპანიის მსუბუქ ავტომობილებზე მოთხოვნამ ნოემბრის თვეში 195,698 შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე 7.2%-ით მეტია. საერთო ჯამში კი კომპანიამ მიმდინარე წლის 11 თვეში 2,095,810 ავტომობილი გაყიდა.

აღსანშნავია, რომ ამ მონაცემებში არ შედის კომპანიის კუთვნილი სატვირთო და კომერციული დანიშნულების ავტომობილებისა და ავტობუსების გაყიდვები. ამ მონაცემში ასევე არ ითვლება „მერსედესის“ შვილობილი ბრენდის smart-ის გაყიდვები, რომელიც ნოემბერში შემცირდა 7.3%-ით 11,644- ერთეულამდე და წლის განმავლობაში 123,130 შეადგინა, რაც ასევე 5,1 %-ით ნაკლებია წინა წელთან შედარებით.

როგორც ცნობილია, Mercedes-Benz-ი მიმდინარე წელსაც ლიდერი კომპანიაა პრემიუმ სეგმენტში, მისი უახლოესი მდევარი და მთავარი კონკურენტი BMW მას უკვე ჩამორჩება თითქმის 200 ათასით, ხოლო კიდევ ერთი გერმანული ბრენდი Audi, რომელიც თავის მხრივ მსოფლიო გაყიდვებში მესამე ადგილზეა, წლევანდელი მაჩვენებლით, ლიდერთან 300 ათასიანი სხვაობით მარცხდება.

შეგახსენებთ, Mercedes-Benz-მა პრემიუმ სეგმენტში გაყიდვების მხრივ მსოფლიო ლიდერობა მხოლოდ გასულ წელს დაიბრუნა, მას შემდეგ, რაც ის 2005 წელს BMW-ს სასარგებლოდ დაკარგა, 2011, 2012 და 2013 წლებში კი საერთოდაც მესამე ადგილზე იყო Audi-ის შემდეგ.

კოკა კვირკველია