სპეცოპერაციის დროს, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, დაზიანებული საცხოვრებელი სახლების სარემონტო სამუშაოები 10 დეკემბრიდან დაიწყება.
ამის შესახებ თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელმა გივი კუბლაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ანტიტერორისტული ოპერაციისას დაზიანებული შენობის მდგრადობის შესწავლა თბილისის მერიის მუნიციპალური ლაბორატორიის თანამშრომლებმა უკვე დაასრულეს. მისივე თქმით, საერთო ჯამში დაზიანებულია 8 ბინა. როგორც კუბლაშვილი ამბობს, დაზიანებული კორპუსის სრულ რეაბილიტაციას კეთილმოწყობის სამსახური უზრუნველყოფს, რისთვისაც 300 000 ლარია გამოყოფილი.
„პროფესიონალურმა ინჟინრებმა შეისწავლეს აღნიშნული ობიექტი. ვფიქრობთ, რომ დაახლოებით 600 კვ. ფართის რეაბილიტაცია მოვახდინოთ, თუმცა გაიზრდება თუ არა ეს ფართობი, ამაზე კონკრეტული პასუხი ორშაბათს გვეცოდინება. ყველაზე მეტი დაზიანებები აღენიშნება კორპუსის დუპლექსის ტიპის ბინას და სამუშაოებიც მისი რეაბილიტაციით დაიწყება. საერთო ჯამში დაზიანებულია 8, თუმცა კრიტიკულ მდგომარეობაშია 5 ბინა. ყველა ბინაში სარემონტო სამუშაოების დასაწყებად ერთდროულად შევალთ, თუმცა პირველ ეტაპზე, გამაგრების სამუშაოები უნდა მოხდეს. რემონტისთვის დაახლოებით 300 000 ლარის ფარგლებში გვაქვს გამოყოფილი თანხა, აღნიშნული თანხა გაიზრდება, თუ შემცირდება, ამას სამუშაო პროცესი გვაჩვენებს“, - განაცხადა კუბლაშვილმა.
ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ანტიტერორისტული ოპერაცია 2017 წლის 22 ნოემბერს ჩატარდა. სპეცოპერაციის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსი, რომლის მცხოვრებლებიც თბილისის მერიამ დროებით საცხოვრებლში გადაიყვანა.