თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით, ქალაქის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის 326 მლნ ლარამდე დაიხარჯება.
ამის შესახებ დღეს, საკრებულოში გამართულ პრესკონფერენციაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბექა დავითულიანმა განაცხადა.
საკრებულოს უმრავლესობის ლიდერმა 2018 წლის ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებულ პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბიუჯეტის პროექტი საკრებულოში განსახილველად უკვე შევიდა.
მისივე თქმით, თბილისისთვის დამატებით 60 მლნ ლარის მობილიზება ხდება, რომლის ძირითადი ნაწილი - 43 მლნ ლარი, ძველი თბილისის რეაბილიტაციას მოხმარდება. კერძოდ, გუდიაშვილის მოედნის პროექტს; მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგებას; ორბელიანის მოედანს, რომლის პრეზენტაციაც, დღეს, 14:00 საათზე გაიმართება.
ასევე 2018 წელს მოხდება, კალაუბნის, კოტე აფხაზის და ფიროსმანი ქუჩების რეაბილიტაციის პროექტების მომზადება.
საერთო ჯამში, 2018 წლის ბიუჯეტის პროექტით, ქალაქის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის 326 მლნ ლარამდეა გამოყოფილი, რომლის ფარგლებშიც მნიშნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტია გათვალისწინებული, მათ შორის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიმართულებით.
როგორც თბილისის საკრებულოში აცხადებენ, თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა 861,609 მლნ ლარი იქნება.