იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, წევრებისა და აპარატის თანამშრომელთა პრემია-დანამატებზე 2017 წლის 1-ელი იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით, ჯამში, 153 889 ლარი გასცა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, წევრებისა და აპარატის თანამშრომელთა პრემია-დანამატებზე 2017 წლის 1-ელი იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით, ჯამში, 153 889,93 ლარი გასცა.

აქედან დანამატი 11 მოსამართლე წევრზე ჯამში 68 889,93 ლარია გაცემული, ხოლო პრემიის სახით, საბჭოს არამოსამართლე წევრებმა ჯამში 85 000 ლარი მიიღეს.

როგორც „ინტერპრესნიუსის“ მიერ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის საპასუხოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან გამოგზავნილი დოკუმენტიდან ირკვევა, 2017 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით საბჭოს წევრებისა და აპარატის თანამშრომლების თანამდებობრივი სარგოს, ასევე მათი პრემიისა და დანამატისთვის, ჯამში ბიუჯეტიდან 470 556 ლარი (ხელზე ასაღები 376 445,28 ლარი) გაიცა.

უნდა აღინიშნოს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 15 მოსამართლე წევრია, რომლებიც დანამატის სახით, ყოველთვიურად 700-700 ლარს იღებენ.

ამავე დოკუმენტიდან ირკვევა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, ნინო გვენეტაძეს, რომელიც ასევე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეც არის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან ჯამში 7 700 ლარი (ხელზე ასაღები 6 160 ლარი) აქვს მიღებული. ამდენივე დანამატი აქვთ მიღებული მოსამართლეებს, ლევან თევზაძესა და სერგო მეთოფიშვილს.

რაც შეეხება საბჭოს ყოფილ მდივანს, ლევან მურუსიძეს, მას დანამატის სახით საბჭოდან 3 977 ლარი (ხელზე- 3181 ლარი) აქვს მიღებული. ამდენივე თანხა აქვთ მიღებული მერაბ გაბინაშვილს, თამარ ალანიას და შოთა გეწაძეს, რომლებიც საბჭოში 2017 წლის იანვრიდან ივლისამდე მუშაობდნენ.

ამავე დოკუმენტიდან ირკვევა, რომ საბჭოს მოქმედ მდივანს, გიორგი მიქაუტაძეს აპრილიდან ნოემბრის ჩათვლით, ჯამში 5 405,56 ლარი აქვს მიღებული (ხელზე აღებული 4 324 ლარი), ამდენივე დანამატი აქვს მიღებული რევაზ ნადარაიასაც.

რაც შეეხებათ საბჭოს სხვა მოსამართლე წევრებს, დიმიტრი გვრიტიშვილს, ირაკლი შენგელაიას, ვასილ მშვენიერაძესა და ირაკლი ბონდარენკოს, მათ საბჭოდან, ივნისის მეორე ნახევრიდან ნოემბრის ჩათვლით, ჯამში, 3 659 ლარი მიუღიათ (ხელზე აღებული 2927 ლარი).

რაც შეეხებათ საბჭოს არამოსამართლე წევრებსა და აპარატს, როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გამოგზავნილი დოკუმენტიდან ირკვევა, ყველაზე მაღალი თანამდებობრივი სარგო 10 თვის განმავლობაში, ვახტანგ მჭედლიშვილს - 55 000 ლარი (ხელზე ასაღები 44 000 ლარი), ხოლო შოთა ქადაგიძეს, 9 თვის განმავლობაში, 41 666 ლარი (ხელზე აღებული 33 333 ლარი) აქვს მიღებული.

რაც შეეხება ვახტანგ თორდიას, ევა გოცირიძეს, კახაბერ სოფრომაძეს და გოჩა მამულაშვილს, მათ საბჭოდან 6 თვის განმავლობაში, ჯამში, 28 409 – 28 409 ლარი (ხელზე - 22 272 ლარი) აქვთ მიღებული. ისინი საბჭოში იანვრიდან ივნისის ნახევრის ჩათვლით მუშაობდნენ და მათი ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო 5000 ლარი იყო. რაც შეეხებათ ლევან გზირიშვილს, ნაზიბროლა ჯანეზაშვილს, ზაზა ხარებავასა და ირმა გელაშვილს, რომლებიც საბჭოში ივნისის მეორე ნახევრიდან მუშაობენ, 6 თვის განმავლობაში, ჯამში, 26 590-26 590 (ხელზე - 21272 ლარი) ლარი აქვთ მიღებული.

თანამდებობრივი სარგოს გარდა საბჭოს არამოსამართლე წევრები პრემიებსაც იღებენ. როგორც ჩვენთვის გამოგზავნილი დოკუმენტიდან ირკვევა, ყველაზე დიდი ოდენობით პრემია ვახტანგ მჭედლიშვილს აქვს აღებული. მან მარტში, მაისსა და სექტემბერში 5000-5000 ლარი აიღო, რაც ჯამში 15 ათასი ლარია.

იუსტიციის უმაღესი საბჭოს სხვა წევრებს, ვახტანს თორდიას, ევა გოცირიძეს, კახაბერ სოფრომაძეს, გოჩა მამულაშვილს, შოთა ქადაგიძეს, ლევან გზირიშვილს ნაზი ჯანეზაშვილს, ზაზა ხარებავასა და ირმა გელაშვილს პრემია ორ-ორჯერ, ხელფასის ოდენობით, 5000-5000 ლარი აქვთ მიღებული.