ბრიტანულმა სპორტული ავტომობილების მწარმოებელმა კომპანია McLaren-მა მის სამოდელო გამაში ყველაზე ძვირად ღირებული ავტომობილი „სენა“ წარმოადგინა. პრემიუმ კლასის კომპანიამ Ultimate Series-ის კოლექციიდან ახალი ხაზი ჩაუშვა, რომელსაც „იშვიათ და ექსტრემალურ“ ხაზს ეძახიან.
„სენა“ ჩაანაცვლებს 903 ცხენისძალიან ჰიბრიდულ McLaren P1-ს, რომელიც კომპანიამ 2015 წელს წარმოადგინა. სიახლე აღჭურვილია ორმაგად ტურბირებული V8 ძრავით, რომელიც 789 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და შექმნილია მსუბუქი მასალების გამოყენებით.
„სენა“-ს „ფორმულა ერთის“ ყოფილი ჩემპიონის, აირტონ სენას პატივსაცემად ეწოდა. აირტონ სენამ McLaren-ის ბოლიდით ჩემპიონობა 1980-90-იანებში სამჯერ მოიპოვა. ის 1994 წელს სან მარინოს გრანპრიზე მომხდარი ავარიისას დაიღუპა.
ავტომობილის ფასი 1 მილიონი დოლარია და ის შეზღუდული რაოდენობით, მხოლოდ 500 ეგზეპლარად გამოვა. „სენას“ მსოფლიო პრემიერა ჟენევის საავტომობილო შოუზე 2018 წლის მარტში გაიმართება.
კოკა კვირკველია