წინასწარი მონაცემებით, მე-3 კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 594.5 მილიონი დოლარი შეადგინა

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2017 წლის მე-3 კვარტალში 594.5 მილიონი დოლარი შეადგინა.

ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ეს მონაცემი 2016 წლის III კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 17.6%-ით მეტია.

ამასთან, საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის I-III კვარტალში განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა ჯამურად 1 346.5 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 2.9%-ით მეტია.

ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორში განხორციელდა და 177.8 მილიონ ამერიკულ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 29.9%-ია. მეორე ადგილზე იმყოფება მშენებლობის სექტორი - 116.2 მილიონი დოლარით, ხოლო მესამეზე - ენერგეტიკის სექტორი - 72.3 მილიონი ამერიკული დოლარით.