მიმდინარე წლის სტატისტიკით, დაახლოებით, 140 მილიონი ლარის ეკონომია გვაქვს, აქედან 100 მილიონი სახელფასო ანაზღაურებებია, ხოლო 40 მილიონი - ადმინისტრაციული ხარჯი, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.
ფინანსთა მინისტრის განცხადებით, სტრუქტურულ რეფორმასთან დაკავშირებით, ის ხვალ პარლამენტში უფრო დეტალურად ისაუბრებს, თუმცა დღესაც შეუძლია გარკვეული ციფრები გააჟღეროს.
"მიმდინარე წლის სტატისტიკით, დაახლოებით, 140 მილიონი ლარის ეკონომია გვაქვს ამ ნაწილში. აქედან 100 მილიონი არის სახელფასო ანაზღაურებები და 40 მილიონი - ადმინისტრაციული ხარჯი. ვფიქრობ, 140 მილიონი საკმაოდ მნიშვნელოვანი ციფრია, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ მთავრობა ორიენტირებულია ოპტიმიზაციის მაღალ ხარისხზე. სხვა რეფორმებს რაც შეეხება, მნიშვნელოვანი იქნება საბაჟო რეფორმა. ეს არის მომავალი წლის გეგმები და ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესისგან დროული უკუკავშირი, რადგან ბიზნესი ხედავს ყველაზე უკეთესად, ჩვენ რა საკითხები გვაქვს გასაუმჯობესებელი საბაჟო პროცედურებში და შევთანხმდით, რომ ძალიან ინტენსიური კომუნიკაცია გვექნება. სამუშაო ჯგუფიც გაკეთდა და დარწმუნებული ვარ, ეს რეფორმა წარმატებით დაინერგება", - განაცხადა ბახტაძემ.
რაც შეეხება სამინისტროების გაერთიანებას, მამუკა ბახტაძის განცხადებით, გაერთიანებული სამინისტროების ახალ ხელმძღვანელებს ექნებათ დრო, რომ ჩამოაყალიბონ ახალი ორგანიზაციული სტრუქტურა.
"კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ საუბარია უკვე 140 მილიონი ლარის ეკონომიაზე, რომელიც ვფიქრობ, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი ციფრია", - განაცხადა ბახტაძემ.