კურორტ „გოდერძი რიზორტს“ 4 ახალი საინვესტიციო პროექტი შეემატა

კურორტ „გოდერძი რიზორტს“ 4 ახალი საინვესტიციო პროექტი შეემატა.

როგორც აჭარის მთავრობა იუწყება, საინვესტიციო პროექტების შესახებ ხელშეკრულება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ინვესტორებს შორის 10 იანვარს, კურორტის ზამთრის სეზონის ოფიციალური გახსნის ცერემონიალზე გაფორმდა.

4 ახალი საინვესტიციო პროექტი 15 790 000 ლარის ინვესტიციას და 254 სასტუმრო ნომერს ითვალისწინებს. სასტუმროების მშენებლობის პროცესში 360, დასრულების შემდეგ 75 ადგილობრივი დასაქმდება.

აჭარაში ზამთრის სეზონის გახსნა რეგიონის მოსახლეობას და სტუმრებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ მიულოცა. როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, კურორტის განვითარება განაშენიანების რეგულირების გეგმის ფარგლებში ხორციელდება. დასრულდა პრივატიზების ერთი ეტაპი და კურორტის ეკონომიკური განვითარების ახალი ეტაპი დაიწყო. ამ ეტაპზე 6 მაღალი დონის სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელთა ჯამური საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 80 მილიონი ლარია. 4 ახალ საინვესტიციო პროექტთან ერთად კურორტზე ჯამში 10 სასტუმრო და დასასვენებელი კოტეჯი აშენდება.

როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, ინტერესი მაღალმთიანი აჭარის მიმართ ძალიან დიდია.

კურორტ ,,გოდერძის“ სათხილამურო გზის საერთო სიგრძე 8 კილომეტრია, ყველაზე მაღალი სადგური კი - ზღვის დონიდან 2366 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.