უკანონო შენობა-ნაგებობები მიუღებელია ჩვენთვის, - ასე ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე თბილისში, კაპანაძის 4 ნომერში საცხოვრებელი სახლების დაწყებულ დემონტაჟს.
„რა თქმა უნდა, საქმის კურსში ვართ და უკანონო შენობა-ნაგებობები მიუღებელია ჩვენთვის და ვიმოქმედებთ კანონის ფარგლებში. ის მიწები, რომელიც არის სახელმწიფოს საკუთრება, რომელიც არის მუნიციპალიტეტის საკუთრება, არის თითოეული ჩვენთაგანის. შესაბამისად, უკანონოდ არავის არ აქვს უფლება დაეუფლოს ამ მიწებს“, - აცხადებს კალაძე.
ცნობისთვის, თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ჩუღურეთის რაიონში, კაპანაძის ქუჩის მცხოვრებლების ნაწილს, რომელთაც ამავე სამსახურის ინფორმაციით, უკანონოდ აქვთ სახლები აშენებული, დემონტაჟისთვის 5-დღიანი ვადა მისცა. წინააღმდეგ შემთხვევაში დემონტაჟს თავად ზედამხედველობის სამსახური მოახდენს.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს უკანონო მშენებლობების მონიტორინგი და შესაძლო დემონტაჟი დაავალა.