ბიტკოინის ფიუჩერსებით ვაჭრობის პირველი დღე

ფიუჩერსების ბაზარზე ბიტკოინით ვაჭრობის დაწყებიდან პირველივე დღე, ყველაზე პოპულარული ციფრული ვალუტის ფასის დიდი რყევებით აღინიშნა.

მასზე მოთხოვნა იმდენად დიდი იყო, რომ დიდმა ტრაფიკმა, მცირე დროით, ჩიკაგოში ბაზირებულ სავაჭრო პლატფორმა CBOE-ს ვებგვერდის პარალიზება გამოიწვია.

ვაჭრობის დასაწყისში, ბიტკოინის ფასი მკვეთრად, 22 პროცენტით გაიზარდა. თუმცა მალე ფასი დასტაბილურდა და ზრდა მხოლოდ 13 პროცენტის ფარგლებში ჩამოვიდა. არადა, ჩიკაგოში ფიუჩერსებით ვაჭრობის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, ბიტკოინის ფასი 15 000 დოლარზე დაბლა იყო ჩამოსული. ვაჭრობის დასაწყისში, ერთთვიან კონტრაქტებზე, ფასმა რეკორდულ დონეს - 18 700 დოლარს მიაღწია. კიდევ უფრო მაღალი ფასები დაფიქსირდა ორ და სამთვიან კონტრაქტებზე - შესაბამისად, 18 880 და 19 040 დოლარი.

სულ რამდენიმე საათში, ფიუჩერსების 2 780 კონტრაქტი გაფორმდა. კონტრაქტების ჯამურმა მოცულობამ 48.5 მილიონ დოლარს მიაღწია. თუმცა, ეს უმნიშვნელო თანხაა იმ 20 მილიარდზე მეტ დოლართან შედარებით, რასაც მთელს მსოფლიოში, ყველა ციფრული ვალუტით ვაჭრობისას იხდიან.

ანალიტიკოსები თვლიან, რომ დროთა განმავლობაში, ბიტკოინის ფიუჩერსებით ვაჭრობის მოცულობა გაიზრდება, რაც მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ციფრული ვალუტების გლობალური ბაზრის სტაბილურობის მიღწევაში. ბევრი ინვესტორი ჯერაც თავს იკავებს ფიუჩერსების ბაზარზე ბიტკოინის შეძენისგან, რისი მიზეზიც, სწორედ ფასის ძლიერი რყევებია.

ლუქსემბურგში ბაზირებულ სავაჭრო პლატფორმა ბიტსტამპზე, ვაჭრობის დასასრულს, ბიტკოინის ფასი 16 570 დოლარის დონეზე დაფიქსირდა. ცნობისათვის, პარასკევის სესიის დასასრულს, იმავე პლატფორმაზე ბიტკოინი 16 666.66 დოლარი ღირდა. შეგახსენებთ, რომ წლის დასაწყისში, ბიტკოინი 1 000 დოლარზე ნაკლები ღირდა, მას შემდეგ კი 1 500 პროცენტზე მეტით არის გაზრდილი.

არადა, ბიტკოინის ისტორიაში დაფიქსირებულია შემთხვევა, როცა პიცაში მავანმა 2 ბიტკოინი გადაიხადა. ეს ნიშნავს, რომ იმ მყიდველს ახლანდელი ფასებით, ყელის ჩაკოკლოზინება დაახლოებით 30 000 დოლარი დაუჯდა. და კიდევ, 2013 წლის დასაწყისში რომ 1 000 დოლარის ბიტკოინები გეყიდათ, დღეს 1.5 მილიონი დოლარის მფლობელი იქნებოდით.

მერაბ ლორთქიფანიძე