პირველად ბოლო 35 წლის განმავლობაში საუდის არაბეთში კინოთეატრი გაიხსნება

საუდის არაბეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ აუქმებენ 35 წლიან აკრძალვას ქვეყანაში კინოთეატრების ფუნქციონირებაზე და პირველი კინოდარბაზები უკვე მომავალი წლის მარტში გაიხსნება.

ცნობისათვის, საუდის არაბეთში კინოთეატრების აკრძალვა გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში ისლამისტი ფუნდამენტალისტების წნეხის შედეგად მოხდა. უფრო მეტიც, ჯერ კიდევ მიმდინარე წლის დასაწყისში, მუფტმა აბდულ ალ შეიხმა განაცხადა, რომ კინოთეატრები გარყვნილებას უწყობს ხელს და შეუძლიათ ქვეყნის მორალური წესები ეჭვქვეშ დააყენონ. თუმცა, ორშაბათს პრინცმა მუჰამედ ბინ სალმანმა წარმოადგინა სოციალური და ეკონომიკური რეფორმების გეგმა პროექტ „ხედვა 2030“-ის ფარგლებში, რომლის თანახმადაც ხელისუფლება ასუსტებს წნეხს ცხოვრების ბევრ სფეროზე.

მაგალითად, მომავალი წლიდან ქალებს უფლებას მისცემენ, ატარონ ავტომობილი და დაესწრონ სპორტულ ღონისძიებებს.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე რეფორმები ნაკარნახევია ქვეყნის მიერ გაცხადებული ეკონომიკური მიზეზებით - ნავთობზე დაბალი ფასების გამო ქვეყანა ეძებს ფინანსური შემოსავლების სხვა წყაროებს და ერთ-ერთი მათგანი გართობის ინდუსტრიაა.

კინოთეატრებზე ლიცენზიების გაცემა უკვე დაიწყო. 2030 წლისთვის კი ქვეყნის მასშტაბით 300-ზე მეტი კინოთეატრის გახსნა იგეგმება, ეს კი 2000-მდე დარბაზია. ქვეყნის ხელისუფლების განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი კინოთეატრებისგან წლიურ 24 მილიონ შემოსავალს ელოდებიან და დამატებით 30 ათას სამუშაო ადგილს. გართობის ინდუსტრიის განვითარების ფარგლებში, პირველად საუდის არაბეთის ისტორიაში, წელს რამდენიმე ცნობილი პოპ ვარსკვლავის კონცერტიც გაიმართა. მაგალითად, მიმდინარე ხუთშაბათს, ქალაქ ჯედიში რეპერ ნელისა და ალჟირელი მომღერლის, ხალედის კონცერტებიც იგეგმება, სადაც ქალები არ დაიშვებიან.

როგორც ცნობილია, საუდის არაბეთის სამეფო ოჯახი და რელიგიური ინსტიტუტები სუნიტური ისლამის ყველაზე მკაცრ მიმართულებას იცავენ, რომელსაც ვაჰაბიზმი ჰქვია. ქვეყანაში მკაცრად აკონტროლებენ ისლამური კოდექსის მიხედვით ქცევასა და ჩაცმულობას. განსაკუთრებული შეზღუდვები კი ქალებს ეხებათ.

კოკა კვირკველია