ევროპის ხუთი უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას აფრთხილებს, რომ მათი საგადასახადო რეფორმა არღვევს საერთაშორისო ვაჭრობის წესებს.
გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, ესპანეთისა და იტალიის ფინანსთა მინისტრებმა ერთობლივი წერილით მიმართეს ამერიკის ფინანსთა მინისტრ სტივენ მნუჩინს, სადაც აღნიშნავენ, რომ საგადასახადო გეგმა, რომელიც წარმოდგენილია თეთრი სახლის მიერ, მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის საერთაშორისო ვაჭრობაში არსებულ წესებს.
წერილში მინისტრები აღნიშნავენ, რომ ცვლილებების შედეგად ამერიკული კომპანიები უპირატეს მდგომარეობაში აღმოჩნდებიან სხვა ქვეყნის კომპანიებთან შედარებით. მინისტრებმა უკმაყოფილება გამოთქვეს ორი მიმართულებით: პირველი ეხება ახალ 20%-იან გადასახადს, რომელიც შეეხება ამერიკულ ტრანსნაციონალურ კომპანიებს, რომლებიც ოპერირებენ ამერიკის ფარგლებს გარეთ. ეს კი თავის მხრივ დისკრიმინაციული გადაწყვეტილება იქნება სხვა ქვეყნის კომპანიების მიმართ. მათივე განცხადებით, ამ ვითარებას შეუძლია გადასახადი დააკისროს უცხოურ კომპანიებსაც, რომელთაც არ აქვთ აშშ-ში მუდმივი ბაზა. მეორე უკმაყოფილება კი ეხება ტრანსასაზღვრო გადარიცხვებს ბანკებსა და ფინანსურ კომპანიებს შორის, რომლებიც ასევე დაიბეგრებიან 10%-ით.
აღსანიშნავია, რომ უკმაყოფილების წერილი მიღებულია კანონპროექტის მიღების საბოლოო ეტაპზე. ამ დროისთვის რესპუბლიკელები დონალდ ტრამპის მხრიდან კანონპროექტის საკუთარი ვარიანტის მხარდაჭერას ელოდებიან შობამდე. დონალდ ტრამპი კი საკუთარ შენიშნვებს, როგორც მოსალოდნელია, უკვე ოთხშაბათს წარუდგენს ფინანსთა სამინისტროს.
კოკა კვირკველია