"დღეს მოქმედ ტარიფში ჩადებულია კურსი 2.50 ლარი, ამდენად არსებითი გავლენა კურსის გამო, ჯერჯერობით არ იგეგმება"

დღეს მოქმედ ტარიფში ჩადებულია კურსი 2.50 ლარი, ამდენად არსებითი გავლენა კურსის გამო ჯერჯერობით არ იგეგმება , - ამის შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ ირინა მილორავამ სემეკის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, სადაც ელექტოროენერგეტიკულ სექტორში 13 კომპანიისა და წყალმომარაგების სექტორში მოქმედი 3 კომპანიისთვის 2018-2020 წლების საინვესტიციო გეგმების დამტკიცების საკითხს განიხილავენ.

"ჯამში, ელექტროენერგეტიკულ სექტორში კომპანიების მიერაა წარმოდენილი დაახლოებით, მილიარდამდე ლარის ინვესტიცია. ეს მოიცავს ინვესტიციებს გამანაწილებელ, გადამცემ ქსელებში და ასევე გენერაციის ობიექტებში. ასევე აქვთ საინვესტიციო გეგმები წარმოდგენილი წყალმომარაგების ლიცენზიანტებს. მოგეხსენებათ, რომ ინვესტიციები არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი განაწილების, გენერაციის ტარიფებში და ბუნებრივია, მათი გავლენა სამომხმარებლო ტარიფებზე მოგვიანებით იქნება შეფასებული", - განაცხადა მილორავამ.

მისივე თქმით, დღეს შეუძლებელია იმაზე საუბარი, თუ რა მოუვა სამომხმარებლო ტარიფს.

"მართალია ინვესტიციები ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია ტარიფში, მაგრამ არა ერთადერთი. მომავალი კვირიდან ჩვენ დავიწყებთ სატარიფო სხდომებს თითოეული კომპანიის მიხედვით და შესაბამისად, უკვე თვის ბოლოსთვის გამოიკვეთება კონტურები სამომხმარებლო ტარიფთან მიმართებაში. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, დღევანდელ არსებულ მოქმედ ტარიფში ჩადებულია კურსი 2 ლარი და 50 თეთრი, ამდენად არსებითი გავლენა კურსის გამო, ჯერჯერობით არ იგეგმება", - განაცხადა მილორავამ.

მისივე თქმით, საბოლოო სურათი გამოჩნდება მხოლოდ კონკრეტული ტარიფების დადგენის შემდეგ, ასევე როდესაც განსაზღვრული იქნება ელექტროენერგიის შესყიდვის კალათა.