თბილისის მერი კახა კალაძე დასუფთავების მანქანების ღამის საათებში მუშაობასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს.
როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დასუფთავების მანქანების ღამის საათებში გადაადგილება საცობების განტვირთვას შეუწყობს ხელს.
ამასთანავე, კახა კალაძემ ამ საკითხში მოსახლეობის თანადგომის იმედიც გამოთქვა.
“საცობებთან დაკავშირებით არსებობს პრობლემა - განსაკუთრებით, როცა დღის განმავლობაში გადაადგილდება ნაგვის მანქანები გარკვეულწილად, ქმნიან დაბრკოლებას და იქმნება საცობები. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ საპილოტე პროგრამა, ავირჩიოთ კონკრეტული რაიონი, კონკრეტული ქუჩები, ცენტრალურ ქუჩებს ვგულისხმობ და ვნახოთ შედეგი. მაგრამ აქ მნიშვნელოვანია საზოგადოების თანადგომაც, რადგან თუ ვსაუბრობთ, რომ ნაგვის გატანა უნდა მოხდეს ღამის საათებში, 22:00-დან 24:00 საათამდე, შესაბამისად, მოსახლეობის მხრიდან ნაგვის გატანა უნდა მოხდეს საღამოს საათებში”, - განაცხადა კახა კალაძემ.
კახა კალაძემ დასუფთავების მანქანების ღამის საათებში მუშაობასთან დაკავშირებით გასულ კვირას მერიის სხდომაზე ისაუბრა.