კრწანისის რაიონის გამგებლის ლევან ჯაფარიძის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაკავებული პირი კრწანისის გამგეობის სამხედრო განყოფილების თანამშრომელია.
ამის შესახებ ლევან ჯაფარიძემ დღეს თბილისის მერიაში ჟურნალისტებს განუცხადა.
”ჩემთვის მხოლოდ ის დეტალებია ცნობილი, რაც გამოძიებამ მოგვაწოდა. ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს გეტყვით. გამოძიების ინფორმაციით, ქრთამის სახით 1 000 ლარამდე თანხაზეა საუბარი. ეს პირი გამგეობაში 2013 წლიდან მუშაობს”, - განაცხადა ლევან ჯაფარიძემ.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტზე კრწანისის რაიონის გამგეობის სამხედრო განყოფილების წამყვანი სპეციალისტი მერაბ გ. დააკავეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ სუს-ის პრესსამსახურიდან აცნობეს, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა, 25 წლის ასაკს მიღწეულ საქართველოს მოქალაქეს, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადებაში დახმარების სანაცვლოდ ქრთამის სახით 1000 ლარის გადახდა მოსთხოვა.