ფრანგული წარმოების ბავშვთა კვების პროდუქტებში სალმონელა აღმოჩნდა

სურსათის ეროვნული სააგენტო საფრანგეთში წარმოებულ ბავშვთა კვების პროდუქტებში სალმონელას შესაძლო არსებობის შესახებ მოკვლევას ატარებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან მიიღო შეტყობინება საფრანგეთში წარმოებულ ბავშვთა კვების პროდუქტებში სალმონელას შესაძლო არსებობის შესახებ. სურსათის ეროვნული სააგენტო მოკვლევას ატარებს. მიმდინარეობს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები და სურსათის ბაზრიდან გამოთხოვის პროცესი“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, საფრანგეთმა ვაჭრობიდან ჩვილი ბავშვებისთვის განკუთვნილი პროდუქციის ამოღება მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამოაცხადა. საუბარია კომპანია "ლაქტაილის" (Lactail) მიერ წარმოებულ რძეზე და რძის პროდუქტებზე. აღსანიშნავია, რომ „ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, იმ ქვეყნებს შორის, სადაც სალმონელას ბაქტერიით ინფიცირებული ფრანგული რძის პროდუქტების ექსპორტირება ხდებოდა, საქართველოც სახელდება.