რეგიონებში დენის ტარიფი შესაძლოა გაიზარდოს

თუ გაიზარდა გენერაციის ობიექტების ტარიფები, მაშინ დიდი ალბათობით სამომხმარებლო ტარიფის ზრდა იქნება გარდაუვალი, - ამის შესახებ "ენერგო-პრო ჯორჯიას" გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ბოცვაძემ განაცხადა.

რაც შეეხება კომპანიის საინვესტიციო გეგმას, მისი თქმით, "ენერგი-პრო ჯორჯიას" მიერ საშუალოდ წარმოდგენილია წელიწადში 70 მილიონი ლარის ინვესტიცია, რაც ჩაშლილია კონკრეტულ პროექტებად.

"ჩვენ ვასაბუთებთ, რომ ეს აუცილებელია და ვფიქრობ, უნდა დამტკიცდეს, რადგან ნამდვილად აუცილებელია ქსელისთვის, ქსელის შენარჩუნებისთვის და მომსახურების ხარისხის შედარებით უფრო გაუმჯობესებისთვის", - განაცხადა ბიცვაძემ და დასძინა, რომ სამი წლის ჭრილში სადისტრიბუციო ქსელში 220-230 მილიონ ლარზეა საუბარი, ხოლო გენერაციის მიმართულებით დაახლოებით, 45 მილიონ ლარზე.

მისივე განმარტებით, ინვესტიციებს აქვს გარკვეული გავლენა ტარიფზე. "თუმცა გაიზრდება თუ არა სამომხმარებლო ტარიფი, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ უნდა დავაკვირდეთ ამ დღეებში მოვლენებს, შეიცვლება თუ არა თბო და ჰიდროელექტორსადგურების ტარიფები. თუ აქაც მოხდა ზრდა და ჩვენ მიერ შესყიდული ელექტროენერგიის ღირებულება თუ გაიზარდა იმ ფონზე, რომ გაიზარდა "ენგურჰესის" ტარიფი, სხვა თბო და ჰიდროელექტროსადგურების ტარიფები, სამწუხაროდ, რა თქმა უნდა, ეს დიდი ალბათობით უნდა აისახოს ტარიფზე გარანტირებულად და დიდი ალბათობით ზრდა იქნება გარდაუვალი, დავაკვირდეთ მოხდება თუ არა ზრდა გენერაციის ობიექტების ტარიფების", - განაცხადა ბოცვაძემ.

მისივე განცხადებით, მრავალი კომპონენტი არის და ვერ განვიხილავენ მხოლოდ ინვესტიციას, მხოლოდ ლარის კურსს, ანუ მრავალი კომპონენტი ერთმანეთს აბალანსებს. "ეს საბოლოოდ სემეკის დასადგენია და დაველოდოთ გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, დიდწილად შესყიდული ელექტოროენერგიის ღირებულება უმთავრესი კომპონენტია, მაგრამ ინვესტიციებსაც თავისი ტვირთი გააჩნია", - განაცხადა ბოცვაძემ.

კითხვაზე, კვლავ იგეგმება თუ არა "ენერგო-პრო ჯორჯიას" გაყიდვა ჩეხი ინვესტორების მიერ, მიხეილ ბოცვაძის განცხადებით, აღარ არის ეს პროცესი ძალიან აქტიური.

"სიმართლე გითხრათ ეს არის სათავო ოფისის პრეროგატივა და იქ პროცესები პერიოდულად აქტიურდებოდა, პერიოდულად საერთოდ ჩერდებოდა. ახლა ამაზე კონკრეტული კომენტარის გაკეთება ნამდვილად არ შემიძლია", - განაცხადა ბოცვაძემ.