"კახა კალაძემ ნოემბერში შრომითი ხელშეკრულებით კიდევ 25 ადამიანი დაასაქმა, მათი ანაზღაურების ჯამური რაოდენობა მილიონ ლარს შეადგენს"

თბილისის მერმა კახა კალაძემ მერიის ადმინისტრაციასა და საქალაქო სამსახურებში შრომითი ხელშეკრულებით კიდევ 25 პირი დაასაქმა , - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე საკრებულოს ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა მარიკა დათუკიშვილმა განაცხადა.

მარიკა დათუკიშვილმა ბრიფინგზე დოკუმენტური მასალა წარადგინა. მისივე განცხადებითაც, თბილისის მერმა კახა კალაძემ ნოემბრის ბოლოს ორი განკარგულება გამოსცა, რომლითაც 25 პირი შრომითი ხელშეკრულებით დასაქმდა. მარიკა დათუკიშვილის განცხადებით, განკარგულებებში მითითებული არ არის ამ პირთა კონკრეტული თანამდებობრივი პოზიცია. ისინი ძირითადად მერიის ადმინისტრაციასა და სხვადასხვა საქალაქო სამსახურებში დასაქმდნენ.

დათუკიშვილის თქმით, მერიის მიერ წარმოდგენილი მომავალი წლის ბიუჯეტში შრომითი ანაზღაურების მუხლი 15 მილიონი ლარითაა გაზრდილი.

”კახი კალაძისგან და „ქართული ოცნებისგან“ არაერთხელ მოვისმინეთ, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, თბილისის მერიაში მოხდებოდა ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება, ოპტიმიზაცია, თუმცა კალაძემ 20 და 29 ნოემბერს გამოსცა განკარგულებები, რომლითაც 25 ადამიანი თანამდებობებზე დანიშნა. მათი ანაზღაურების ჯამური რაოდენობა 1 მილიონ ლარს შეადგენს. თვეში ამ პირთა ხელფასი განსაზღვრულია 4 000-დან 5 600-ლარამდე. ეს ერთი მილიონი ლარი თბილისელებმა ჩვენი ჯიბიდან უნდა გადავუხადოთ კალაძესთან აფილირებულ ადამიანებს”, - განაცხადა მარიკა დათუკიშვილმა.

მისივე თქმით, აღნიშნული არასწორია იმ ფონზე, როდესაც ცხოვრება გართულდა, როდესაც უფასო სასადილოებში სოციალურად გაჭირვებული ადამიანების გამოსაკვებად 1,18 ლარის ნაცვლად მერია 1,13 ლარით აპირებს გამოკვებას. ამ ფონზე კალაძე თავისი სამეგობროსთვის ხელფასებს ზრდის.

”საშტატო რიცხოვნობის და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულთა რაოდენობა მომავალშიც, რომ მზარდი იქნება და კალაძე მხოლოდ ამით არ დაკმაყოფილდება, ამაზე მეტყველებს ის, რომ უკვე მის მიერ წარმოდგენილ ბიუჯეტის პროექტში, მუხლი რომლითაც შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული ადამიანებისთვის თანამდებობრივი სარგოები უნდა გაიცეს, 15 მილიონი ლარით არის გაზრდილი. ეს ნიშნავს, რომ კალაძე პერმანენტულად გააგრძელებს თბილისის მერიის სტრუქტურებში თავისი ახლობელ-ნაცნობების დასაქმებას”, - განაცხადა დათუკიშვილმა.

მან არასამთავრობო ორგანიზაციებს, გენერალურ აუდიტორს მიმართა დაინტერესდნენ აღნიშნული ფაქტებით, რამდენად ადეკვატურია ასეთი რაოდენობით და ასეთი ანაზღაურების მქონე პირების დასაქმება თბილისის მერიის სტრუქტურებში.