მერიამ 25 უნებართვო მშენებლობა გამოავლინა

თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ისნის რაიონში, მელაანის ქუჩაზე 25-ზე მეტი უნებართვო მშენებლობა გამოავლინა.

როგორც  თბილისის მერია იუწყება, ადგილზე დღეს მოსახლეობას თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გიორგი ბაგრატიონი და ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე შეხვდნენ.

როგორც ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა, მოსახლეობას გონივრული ვადა მიეცა, რათა უკანონო ნაგებობების დემონტაჟი თავად მოახდინონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურები გატარდება.

”ჩვენი ერთ-ერთი დაპირება იყო და აქტიურად ვმუშაობთ, რომ ოჯახები, რომლებიც წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ სახლებში, თაობები გაზარდეს, მაგრამ გარკვეული ბიუროკრატიული მიზეზების გამო ქონების რეგისტრაცია ვერ მოახერხეს, საცხოვრებელი ფართები პერიოდულად დაუკანონდეთ, მაგრამ აქ სრულიად განსხვავებული შემთხვევაა, როდესაც ქაოსურად, ყოველგვარი ნებართვის გარეშეა აშენებული ნაგებობები. ვესაუბრეთ მოსახლეობას, მივცემთ გონივრულ ვადებს და შესაბამისი ღონისძებები გატარდება“, - აღნიშნა ირაკლი ბენდელიანმა.

გიორგი ბაგრატიონის განცხადებით, შენობის ე.წ. მესაკუთრეებმა ზედამხედველობის სამსახურისგან გაფრთხილება მიიღეს. მისივე თქმით, უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით კი, კონტროლი გამკაცრდება და თბილისის მასშტაბით, შესაბამისი ღონისძიებები გატარდება.

ცნობისთვის, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე უნებართვო მშენებლობა 10 000 ლარით დაჯარიმებას იწვევს და შენობა დემონტაჟს ექვემდებარება.